ლუკ ჰოლცი - ლუქსემბურგის ნაკრები საქართველოსთან მატჩისთვის მზადაა, მაგრამ ტრავმირებულები ფეხბურთელების სიმრავლე მაფიქრებს #1TVSPORT
ლუკ ჰოლცი - ლუქსემბურგის ნაკრები საქართველოსთან მატჩისთვის მზადაა, მაგრამ ტრავმირებულები ფეხბურთელების სიმრავლე მაფიქრებს #1TVSPORT

ლუქსემბურგის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუკ ჰოლცმა საქართველოსთან ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალურ შეხვედრამდე პრესკონფერენცია გამართა და გუნდის მზადყოფნაზე ისაუბრა.

„ეს ისეთი შეხვედრაა, სადაც მთავარი მენტალური სიძლიერეა. ჩვენთვის მთავარია, სავსე სტადიონის წინ შიშსა და ემოციას არ ავყვეთ, ამისთვის კი მატჩამდე გუნდში მშვიდი ატმოსფერო მჭირდება. თუ მოედანზე ნეგატიური ემოციების გარეშე გავალთ, დარწმუნებული ვარ, რომ პლეი ოფის ფინალში გასვლის ძალიან კარგი შანსი გვექნება.

თუმცა მაშინებს ის ფაქტი, რომ ბოლო ერთ თვეში რამდენიმე მოთამაშე გამოგვაკლდა. ცენტრალური მცველის, მარვინ მარტენსის (ვენის „რაპიდი“) რეაბილიტაციის პროცესი მოსალოდნელზე სწრაფად მიმდინარეობს და არაა გამორიცხული, საქართველოსთან მატჩისთვის მზად იყოს. ეს თუ ვერ მოხერხდება, ის ფინალში დაგვეხმარება. ოლივიე ტილთან დაკავშირებითაც მსგავსი ვითარებაა.

თერთმეტმეტრიანებზე აუცილებლად ვივარჯიშებთ, თუმცა პენალტების დარტყმა სავსე სტადიონზე სრულიად განსხვავებულია. ერთი რამ ვიცი, იმან უნდა დაარტყას, ვინც საკუთარ თავში დარწმუნებულია.

საქართველოს ნაკრები დიდი ენთუზიაზმით თამაშობს და მეტოქეს შეცდომებს არ პატიობს. ჩვენი მიზანი იქნება, რომ შეცდომები არ დავუშვათ და მათ შანსი არ მივცეთ. გუნდის ფსიქოლოგიური მომზადებისთვის აქამდეც ბევრი გავაკეთეთ. ამიტომ მე ახლა ამის განსაკუთრებულ საჭიროებას ვერ ვხედავ. ჩვენ გვყავს ლიდერები, რომლებიც მაღალ დონეზე თამაშობენ და იციან, ზეწოლას როგორ გაუმკლავდნენ. მთელი ყურადღება ამ მატჩის მოგებაზე გვაქვს გადატანილი“, – ამბობს ლუკ ჰოლცი.

ევრო 2024-ის პლეი ოფში საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებთა მატჩი 21 მარტს „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება. წყვილის გამარჯვებული 26 მარტს პლეი ოფის ფინალში საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის უძლიერესს უმასპინძლებს.