ლუის სუარესი აცხადებს, რომ ბარსელონას მთავარი პრობლემა ფეხბურთელებს შორის კომუნიკაციის ნაკლებობაა.
ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში კატალონიურმა გრანდმა ბილბაოს ატლეტიკოს ვერაფერი მოუხერხა (0-0) და ახლა მათსა და მეორე ადგილზე მყოფ რეალ მადრიდს შორის სხვაობა ექვსი ქულაა.
აღსანიშნავია, რომ ბასკებს ამ მატჩის მოგებაც შეეძლოთ, მაგრამ ტერ შტეგენმა ორჯერ გადაარჩინა საკუთარი კარი აშკარა გოლს.
ლიონელ მესის ძირითად შემადგენლობაში დაბრუნების მიუხედავად, ბარსამ ხელშესახები ამ მატჩში ვერაფერი შექმნა, რამაც მადრიდულ სამეფო კლუბს, რომელმაც თანაქალაქელი ატლეტიკო 3-1 დაამარცხა, ჩამორჩენის შემცირების საშუალება მისცა.
„პირველ ტაიმში კომუნიკაციის ნაკლებობა იყო და სწორედ ამის გამოსწორებაზე უნდა ვიმუშაოთ. ყველა პატარა დეტალს მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა სუარესმა.
მომდევნო ტურში, რომელიც ესპანეთში 15-17 თებერვალს გაიმართება, ბარსელონა შინ ვალიადოლიდს მიიღებს, რეალ მადრიდი კი ჟირონას უმასპინძლებს.