ლუის ჰემილტონს კორონავირუსი დაუდასტურდა - ბრიტანელი კარიერაში პირველად გამოტოვებს ფორმულა 1-ის ეტაპს
ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა, „მერსედესის“ პილოტმა ლუის ჰემილტონმა კორონავირუსზე დადებითი ტესტი ჩააბარა. ამის გამო, ბრიტანელი ვერ მიიღებს მონაწილეობას კვირას საჰირის გრანპრიში.
„გასულ კვირას, ლუისმა სამჯერ უარყოფითი ტესტი ჩააბარა კორონავირუსზე, მაგრამ ორშაბათს, 30 ნოემბერს მას ინფექციის მსუბუქი სიმპტომები აღმოუჩინეს. სწორედ ამ დროს, მას აცნობეს იმ ადამიანის დადებითი ტესტის შესახებ, რომელთანაც ჰემილტონს ბაჰრეინში ჩასვლამდე ჰქონდა კონტაქტი. ამის შემდეგ, ლუისმა ორჯერ ჩააბარა დადებითი ტესტი.
ამ მომენტისთვის, ბრიტანელი იზოლაციაში იმყოფება. მსუბუქი სიმპტომების მიუხედავად, ის ჯანმრთელადაა და თავს კარგად გრძნობს. უახლოეს ხანში გამოცხადდება მისი შემცვლელის შესახებ“, – წერია „მერსედესის“ განცხადებაში.
ლუის ჰემილტონს თავის კარიერაში არასოდეს გამოუტოვებია გრანპრი. ასე რომ, შეწყდება მისი მონაწილეობით 265-ეტაპიანი სერია, რაც ფორმულა 1-ის რეკორდია. გარდა ამისა, შეწყდება 48-რბოლიანი სერია, როცა ბრიტანელი ქულათა ზონაში ხვდებოდა.
საჰირის გრანპრი 6 დეკემბერს გაიმართება. ლუის ჰემილტონმა უკვე გაინაღდა 2020 წლის ჩემპიონის ტიტული.