მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, „მერსედესის“ პილოტმა ლუის ჰემოლტონმა სკანდალით მოიგო ბრიტანეთის გრანპრი. მან პირველ წრეზე ტრასიდან გადააგდო თავისი კონკურენტი მაქს ფერსტაპენი, ბოლოს კი გაუსწრო შარლ ლეკლერს, რომელიც მთელი რბოლის განმავლობაში ლიდერობდა.
პოულის მფლობელმა ფერსტაპენმა და ჰემილტონმა შესანიშნავად აიღეს სტარტი პირველი რიგიდან. „რედ ბულის“ პილოტმა ვერ შეძლო ლუისის ჩამოცილება და ისინი თითქმის ერთდროულად შევიდნენ ზედიზედ ორ მოსახვევში. სწორ მონაკვეთზე ჰემილტონმა სლიპსტრიმით სცადა გასწრება. ჩქაროსნულ მოსახვევში ჰემილტონის წინა მარცხენა საბურავი ფერსტაპენის უკანა მარჯვენა საბურავს გაუსწორდა. მანქანებს შორის კონტაქტი მოხდა, მაქსის ბოლიდზე დაკიდება დაზიანდა და მისი ავტომობილი საათში 250 კილომეტრი სიჩქარით შეეჯახა საბურავების ბარიერს. ჰემილტონმა სიჩქარე დაკარგა, მაგრამ სვლა გააგრძელა. ბრიტანელმა მხოლოდ შარლ ლეკლერი გაატარა, რომელიც ლიდერი გახდა. მსაჯებმა წითელი დროშები გამოფინეს, მოგვიანებით კი ჰემილტონი 10-წამიანი ჯარიმით დასაჯეს.
35 წუთის შემდეგ, ადგილიდან რესტარტი მისცეს. ლეკლერმა შეინარჩუნა ლიდერობა. ვალტერი ბოტასს გაუსწრო და მესამე ადგილზე გადავიდა ლანდო ნორისი.
ლეკლერი ახერხებდა „მერსედესის“ პილოტებთან 1.5-2 წამის უპირატესობის შენარჩუნებას, მაგრამ მე-15 წრეზე მკვეთრად დაკარგა უპირატესობა – „ფერარის“ ძრავასთან დაკავშირებით შეექმნა სირთულეები, თუმცა, იტალიური გუნდის ინჟინრებმა სწრაფად გამოასწორეს პრობლემა და ლეკლერმა აღადგინა ორწამიანი უპირატესობა.
პიტსტოპების პირველი სერია მე-19 წრეზე დაიწყო. ლანდო ნორისის გაჩერება ექვსი წამი გაგრძელდა და მას ვალტერი ბოტასმა გაუსწრო.
მოგვიანებით, ბოქსებში 10-წამიანი ჯარიმა მოიხადა ჰემილტონმა და ტრასაზე მეოთხე პოზიციაზე დაბრუნდა – ნორისის უკან. ლუისმა მას 31-ე წრეზე გაუსწრო DRS-ის გამოყენებით. კიდევ 10 წრის შემდეგ, ჰემილტონი ბოტასს დაეწია, რომელსაც წინააღმდეგობა არ გაუწევია თანაგუნდელისთვის.
ბოტასის გასწრების შემდეგ, ჰემილტონი ლეკლერს გამოეკიდა, თითო წრეზე მას თითქმის წამს უგებდა და 50-ე წრეზე ზუსტად იმ მოსახვევში და ზუსტად იგივე მანევრით აუარა გვერდი, რაც ფერსტაპენის შემთხვევაში ვერ შეძლო.
ლუის ჰემილტონმა მოიგო ბრიტანეთის გრანპრი – მეოთხედ გაიმარჯვა სეზონში, 99-ედ კარიერაში და მერვედ სილვერსტოუნის ტრასაზე. საერთო ჩათვლაში ფერსტაპენის უპირატესობა 33-დან რვა ქულამდე შემცირდა, ხოლო კონსტრუქტორთა თასზე „მერსედესმა“ „რედ ბულთან“ ჩამორჩენა 44-დან ოთხ ქულამდე დაიყვანა.
შარლ ლეკლერი მეორე ადგილზე გავიდა და სეზონში საუკეთესო შედეგს მიაღწია. პოდიუმის მესამე საფეხური ვალტერი ბოტასს ერგო.
ბრძოლა ჩემპიონატში ორი კვირის შემდეგ, უნგრეთის გრანპრით გაგრძელდება.
ბრიტანეთის გრანპრი
სილვერსტოუნი (52 წრე. 306,198 კმ)
- ლუის ჰემილტონი (ბრიტანეთი, Mercedes) – 52 წრე
- შარლ ლეკლერი (მონაკო, Ferrari) – +3.871
- ვალტერ ბოტასი (ფინეთი, Mercedes) – +11.125
- ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, McLaren) – +28.573
- დანიელ რიკარდო (ავსტრალია, McLaren) – +42.624
- კარლოს საინსი (ესპანეთი, Ferrari) – +43.454
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, Alpine) – +72.093
- ლენს სტროლი (კანადა, Aston Martin) – +74.289
- ესტებან ოკონი (საფრანგეთი, Alpine) – +76.162
- იუკი ცუნოდა (იაპონია, AlphaTauri) – +82.065
- პიერ გასლი (საფრანგეთი, AlphaTauri) – +85.327
- ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, Williams) – 1 წრე
- ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, Alfa Romeo) – 1 წრე
- ნიკოლას ლაფიტი (კანადა, Williams) – 1 წრე
- კიმი რაიკონენი (ფინეთი, Alfa Romeo) – 1 წრე
- სერხიო პერესი (მექსიკა, Red Bull) – 1 წრე
- ნიკიტა მაზეპინი (რუსეთი, Haas) – 1 წრე
- მიკ შუმახერი (გერმანია, Haas) – 1 წრე
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, Aston Martin) – უფინიშოდ
- მაქს ფერსტაპენი (ნიდერლანდები, Red Bull) – უფინიშოდ
საერთო ჩათვლა
- მაქს ფერსტაპენი – 185 ქულა (5 მოგება)
- ლუის ჰემილტონი – 177 (4)
- ლანდო ნორისი – 113
- ვალტერ ბოტასი – 108
- სერხიო პერესი – 104 (1)
- შარლ ლეკლერი – 80
- კარლოს საინსი – 68
- დანიელ რიკარდო – 50
- პიერ გასლი – 39
- სებასტიან ფეტელი – 30
- ფერნანდო ალონსო – 26
- ლენს სტროლი – 18
- ესტებან ოკონი – 14
- იუკი ცუნოდა – 10
- კიმი რაიკონენი – 1
- ანტონიო ჯოვინაცი – 1
კონსტრუქტორთა თასი
- Red Bull – 289
- Mercedes – 285
- McLaren – 163
- Ferrari – 148
- AlphaTauri- 49
- Aston Martin- 48
- Alpine- 40
- 8. Alfa Romeo- 2