ლუის ჰემილტონმა სეზონში მეორე რბოლა მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
ლუის ჰემილტონმა სეზონში მეორე რბოლა მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ლუის ჰემილტონმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა პორტუგალიის გრანპრიზე და სამი ეტაპის შემდეგ გაიმყარა ლიდერობა პირად ჩათვლაში.

სტარტზე პოულის მფლობელმა ვალტერი ბოტასმა და ჰემილტონმა შეინარჩუნეს პირველი და მეორე ადგილი. მათ უკან მიყვა „რედ ბულის“ პილოტი მაქს ფერსტაპენი.

პირველივე წრეზე სერიოზული ავარია მოხდა „ალფა რომეოს“ პილოტებს – ანტონიო ჯოვინაცისა და კიმი რაიკონენს შორის, რასაც მოჰყვა ტრასაზე უსაფრთხოების მანქანის გამოჩენა.

რესტარტი მეშვიდე წრეზე მისცეს. ფერსტაპენმა უკეთესი რეაქცია გამოავლინა და გაუსწრო ჰემილტონს პირველ მოსახვევში. თუმცა, ბრიტანელმა მალე დაიბრუნა დაკარგული პოზიცია და მეორე ადგილზე გადავიდა.

გამარჯვებისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი გასწრება ჰემილტონმა მე-20 წრეზე შეასრულა – ბოტასი პირველ მოსახვევში შიდა ტრაექტორიას იცავდა და ძლიერი დამუხრუჭება დასჭირდა, რითაც ბრიტანელმა შესანიშნავად ისარგებლა და გარე რადიუსით გაუსწრო თანაგუნდელს.

ლიდერთა ჯგუფში სიტუაცია სტაბილური იყო დისტანციის შუა ნაწილამდე, როცა აუცილებელი პიტსტოპების სერია დაიწყო. საბურავების გამოცვლის შემდეგ, ბოტასმა შეცდომა დაუშვა მეოთხე და მეხუთე მოსახვევებს შორის, რითაც ფერსტაპენს მეორე ადგილი დაუთმო.

რბოლის ბოლო ნაწილმა მშვიდად ჩაიარა და ჰემილტონმა სეზონში მეორე და კარიერაში 97-ე გამარჯვება მოიპოვა. ფერსტაპენი მეორე იყო, ბოტასი – მესამე.

შემდეგი ეტაპი ერთი კვირის შემდეგ ბარსელონაში გაიმართება.

 

 

პორტუგალიის გრანპრი

  1. ლუის ჰემილტონი (ბრიტანეთი, Mercedes) – 66 წრე
  2. მაქს ფერსტაპენი (ნიდერლანდები, Red Bull) – +29,148
  3.  ვალტერ ბოტასი (ფინეთი, Mercedes) – +33,530
  4. სერხიო პერესი (მექსიკა, Red Bull) – +39,735
  5. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, McLaren) – +51,369
  6. შარლ ლეკლერი (მონაკო, Ferrari) – +55,781
  7. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, Alpine) – +03,749
  8. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, Alpine) – +04,808
  9. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, McLaren) – +15,369
  10. პიერ გასლი (საფრანგეთი, AlphaTauri) – +16,463

საერთო ჩათვლა

  1. ლუის ჰემილტონი – 69 ქულა (2 მოგება)
  2. მაქს ფერსტაპენი – 61 (1 მოგება)
  3. ლანდო ნორისი – 37
  4. ვალტერ ბოტასი – 32
  5. შარლ ლეკლერი – 28
  6. სერხიო პერესი – 22
  7. დანიელ რიკარდო – 16
  8. კარლოს საინსი – 14
  9. ესტებან ოკონი – 8
  10. პიერ გასლი – 7