ლუის ჰემილტონი გამოჯანმრთელდა და აბუ დაბის გრანპრიზე გამოვა
ლუის ჰემილტონი გამოჯანმრთელდა და აბუ დაბის გრანპრიზე გამოვა

„მერსედესის“ ბრიტანელი პილოტი ლუის ჰემილტონი მონაწილეობას მიიღებს ფორმულა 1-ში მსოფლიოს 2020 წლის ჩემპიონატის დასკვნით რბოლაში, რომელიც აბუ დაბიში გაიმართება. ამის შესახებ გერმანული საჯინიბოს პრესსამსახურმა გამოაცხადა.

მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა გამოტოვა წინა ეტაპი – საჰირის გრანპრი, რისი მიზეზიც კორონავირუსით დაინფიცირება იყო. მაშინ ლუისი „უილიამსის“ პილოტმა ჯორჯ რასელმა შეცვალა.

ხუთშაბათს, ჰემილტონმა კორონავირუსზე უარყოფითი ტესტი ჩააბარა და ის დაუშვეს აბუ დაბის გრანპრიზე.

ჩემპიონატის ბოლო ეტაპი 13 დეკემბერს გაიმართება. ჰემილტონმა მიმდინარე სეზონში ვადაზე ადრე გაიფორმა მსოფლიოს ჩემპიონობა. ეს მის კარიერაში მეშვიდე ტიტული იყო და ამ მაჩვენებლით დაეწია აბსოლუტურ რეკორდსმენს მიხაელ შუმახერს.