ფორმულა 1-ის პილოტი ლუის ჰემილტონი 2020 წელს დიდი ბრიტანეთის ყველაზე გავლენიან ფერადკანიან პიროვნებად აღიარეს. გამოკითხვა Powerlist 2021-მა ჩაატარა.
„მერსედესის“ მრბოლელი აქტიურად გამოხატავდა საკუთარ პოზიციას რასობრივი უთანასწორობის მიმართ და მხარს უჭერდა Black Lives Matter-ის აქციას.
სიაში მეორე ადგილზეა პროფესორი კევინ ფენტონი (დაკავებულია COVID19-ის შესწავლით), მესამეა – ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი Stormzy.
„ჩემთვის ამ სიაში პირველ ადგილზე ყოფნა – უდიდესი პატივია. ამას ძალიან ვაფასებ. ჩემთვის ეს უმნიშვნელოვანესი მომენტია. ძალიან ვამაყობ აღიარებით, განსაკუთრებით შავკანიანთა საზოგადოებაში. ამ სიის ყველა წარმომადგენელი აღმაფრენას იძლევა და ლიდერია თავის ინდუსტრიაში. სიმართლე ითქვას, აღფრთოვანებული ვარ იმით, რომ მათ გვერდით მახსენებენ“, – მოჰყავს ჰემილტონის სიტყვები BBC-ის;
სიაში TOP10-ის მიღმა დარჩნენ „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელები მარკუს რეშფორდი და რაჰიმ სტერლინგი, მორბენალი დინა აშერ სმიტი და მოკრივე ენტონი ჯოშუა.
გასულ უქმეებზე ჰემილტონმა ვადაზე ადრე გაიფორმა კარიერაში მეშვიდე ჩემპიონობა და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა მიხაელ შუმახერს.