მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან მოგებული მატჩი ესპანელების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ შეაფასა.
„ყველა ჯგუფში კონკურენციაა. შვედეთთან წაგება მტკივნეული იყო, მაგრამ ის შემდეგ უნდა გაგვევლო. ჩვენ პროფესიონალები ვართ და დიდი ხანია, პირველობისთვის რბოლას შევეჩვიეთ. საქართველოს ნაკრებთან საუკეთესო თამაში ვაჩვენეთ და ეს აშკარად ჩვენი დღე იყო. მაგრამ ახლა უკვე ვფიქრობთ შემდეგ თამაშზე და მთელი ყურადღება კოსოვოზე უნდა გადავიტანოთ“, – განაცხადა ლუის ენრიკემ.
ესპანელთა მწვრთნელმა დიპლომატიას მიმართა და დიდი ანგარიშით გამარჯვების მიუხედავად, თქვა, რომ საქართველოს ნაკრებთან მოგება იოლი არ ყოფილა:
„მე ვესაუბრე საქართველოს ნაკრების მწვრთნელს, ვილი სანიოლს. მათ სხვადასხვა მიზეზით ბევრი წამყვანი მოთამაშე არ ჰყავდათ და ბევრიც ისეთი დაიმატეს, რომლებსაც ჩვენი ნაკრებების პირველი შეხვედრა არ ჩაუტარებიათ. ასეთი ცვლილებები არც ისე ადვილი იყო. მაგრამ ბოლო 10 წუთის განმავლობაში, როდესაც ზემოქმედება შევამცირეთ, მათთვის ბურთის წართმევა რთული იყო“.
ლუის ენრიკეს თქმით, მოგებაში გადამწყვეტი როლი მაღალმა პრესინგმა ითამაშა:
„სხვა ასპექტებთან ერთად, მთავარი მაინც ჩვენ მიერ განხორციელებული ზემოქმედება იყო. ძალიან კარგად დავაპრესინგეთ – მოედნის ცენტრშიც და ფლანგებზეც. შედეგად, კარგი თამაში გამოგვივიდა“.