ლუის ენრიკე - ესპანეთი მაროკოსთან დომინირებდა, მაგრამ ზოგჯერ ისიც იგებს, ვინც არ უტევს [ვიდეო] #1TVSPORT
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში მაროკოსთან პენალტების სერიაში დამარცხებაზე კომენტარი გააკეთა. მაროკოს მეკარემ, იასინ ბუნუმ ესპანელთა სამი დარტყმა მოიგერია და გუნდი მეოთხედფინალში გაიყვანა.
„ჩვენ ისეთი ქვეყნის წარმომადგენლები ვართ, როგორიც ესპანეთია და უნდა ვიცოდეთ, როგორ მივულოცოთ მაროკოს. ისინი ჩვენზე უკეთესები პენალტების სერიაში იყვნენ.
ეს იყო სასტიკი გამოვარდნა? ვფიქრობ, ფეხბურთი შესანიშნავი სპორტია, მაგრამ ის შეიძლება მოიგოს გუნდმა, რომელიც არ უტევს. ამ მატჩში მთლიანად ვდომინირებდით და მომენტების შექმნას ვცდილობდით. კარისკენ 11-ჯერ დავარტყით, მაგრამ ბურთი მიზნისკენ მხოლოდ რამდენიმეჯერ წავიდა.
ძალიან ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით. პირველი სამი პენალტის შემსრულებელი მე ავირჩიე, დანარჩენი ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს. ბუნუ გამორჩეული მეკარეა და ის დღეს შესანიშნავი იყო. ძალიან ვწუხვარ, რომ გულშემატკივრების იმედები ვერ გავამართლეთ. ეს ყველაფერი შეიძლებოდა არც მომხდარიყო, რადგან ჩვენ ყველაფერი ვცადეთ… ბოდიში“, – ციტირებს ენრიკეს სიტყვებს Mundo Deportivo.