ლუის დე ლა ფუენტე - საქართველოს ნაკრებში კარგი თაობაა, თუმცა გვაქვს რწმენა, რომ სასურველ შედეგს მივაღწევთ #1TVSPORT
ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში საქართველოსთან მატჩამდე ერთი დღით ადრე ესპანეთის ნაკრებმა „დინამო არენაზე“ ივარჯიშა, ხოლო მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
„რა თქმა უნდა, რთულ თამაშს ველით. საქართველოს ნაკრებში კარგი თაობაა და ბოლო დროს ევროპის კარგ კლუბებში თამაშობენ. თუმცა გვაქვს მოლოდინი და რწმენა, რომ ამ მატჩში სასურველ შედეგს მივაღწევთ.
რაც შეეხება კვარაცხელიას – ძალიან კარგი მოთამაშეების ყოლა მნიშვნელოვანია, მაგრამ სანიოლმა კარგად ორგანიზებული გუნდი ჩამოაყალიბა. ჩვენ ხვალინდელი მატჩისთვის სწორედ ამის გათვალისწინებით ვემზადებით.
არის თუ არა ეს შეხვედრა ფინალურის ტოლფასი? ჩვენ ყოველთვის კონკრეტულად უახლოეს თამაშზე ვართ კონცენტრირებულები. ამიტომ საქართველოს ნაკრებთან ხვალინდელი შეხვედრა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და სერიოზულად ვეკიდებით.
საქართველოს ნაკრებს სულ თვალს ვადევნებდი – 19-წლამდელებსაც და 21-წლამდელებსაც. შესაძლოა, ახლა საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო თაობა იყოს. ამიტომ ხვალ დიდ წინააღმდეგობას ველით, მაგრამ ჩვენი სურვილია, ხვალ საუკეთესო ფეხბურთი ვაჩვენოთ და მიზანს მივაღწიოთ.
რა გავლენას ახდენს ჩვენზე ესპანეთის ფედერაციის პრეზიდენტის გარშემო არსებული სკანდალი? ჩვენი მთავარი მიზანია, ხვალ კარგად ვითამაშოთ. აღფრთოვანებული ვარ მოთამაშეთა დამოკიდებულებით და მჯერა, ხვალ ისინი თავს საუკეთესო კუთხით გამოავლენენ“, – განაცხადა ლუის დე ლა ფუენტემ.