ლუის დე ლა ფუენტე - სამი ქულა მახარებს, მაგრამ ეს მოგება გავის ტრავმამ გააუფერულა #1TVSPORT
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ საქართველოსთან ვალიადოლიდში მოგებული შეხვედრა (3:1) შეაფასა და ამ წარმატებას ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული უწოდა, მიზეზად კი „ბარსელონას“ ნახევარმცველის, გავის ტრავმა დაასახელა.
„ეს ერთ-ერთი ყველაზე მწარე გამარჯვებაა ჩემს კარიერაში. სამი ქულა მახარებს, მაგრამ ეს მოგება გავის ტრავმამ გააუფერულა. რთული მომენტია ფეხბურთელისთვის, „ბარსელონასთვის“ და ეროვნული ნაკრებისთვის. განადგურებულები ვართ, გასახდელში ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს წავაგეთ. შესვენებაზე მოთამაშეებს ვუთხარი, რომ მოედანზე გასულიყვნენ და მოგება ტრავმირებული თანაგუნდელისთვის მიეძღვნათ.
გავის თქმით, მას დაზიანება საქართველოს ნაკრების მცველთან (ლოჩოშვილი) შეჯახების დროს არ მიუღია, ერთ ეპიზოდში ფეხი არასწორად დააბიჯა და მუხლი დაიზიანა. მისი ტრავმა ძალიან დასანანია. გავი იმედგაცრუებულია – სპორტში ეს ყველაზე რთული და მწარე მომენტია.
პირველადი დიაგნოზით, ფეხბურთელს ჯვარედინი მყესები აქვს გაწყვეტილი. უფრო კონკრეტული პასუხი მოგვიანებით, გამოკვლევების შემდეგ გვეცოდინება და გავიგებთ, შეძლებს თუ არა მომავალ წელს ევროპის ჩემპიონატზე და ოლიმპიადაზე თამაშს. ახლა მხოლოდ მის ჯანმრთელობაზე ვფიქრობ“, – განაცხადა ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.