ლუის დე ლა ფუენტე - ესპანეთის ნაკრები ევროპის ღირსეული ჩემპიონია #1TVSPORT
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ ევრო 2024-ის ფინალში ინგლისთან გამარჯვებაზე (2:1) კომენტარი გააკეთა.
„უბედნიერესი ვარ, რადგან ჩვენ ევროპის ღირსეული ჩემპიონები ვართ. ამ მოთამაშეებით ყოველდღე უფრო და უფრო ვამაყობ. მადლობა მხარდაჭერისთვის.
ჩვენი ნაკრების ფეხბურთელები საუკეთესოები არიან მსოფლიოში. ეს ადრეც ვთქვი და ჩემს აზრზე ვრჩები. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, უკეთესებიც გავხდეთ.
ამბიციამ და მუშაობის სურვილმა მიგვიყვანა ასეთ მნიშვნელოვან გამარჯვებამდე. 44 დღეა, ერთად ვართ და ამ მოთამაშეების საქმისადმი დამოკიდებულება საზოგადოებისთვის მაგალითი უნდა გახდეს.
ესპანეთის მეფემ გაგვამხნევა და, საერთოდ, ტურნირის მსვლელობის დროს გუნდთან ახლო კავშირი ჰქონდა. მისი ჩვენთან ყოფნა და თანადგომა ძალიან ბევრს ნიშნავდა“, – ამბობს ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
ლუის დე ლა ფუენტე გახდა პირველი სპეციალისტი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატი 19-წლამდელთა, 21-წლამდელთა და ეროვნული ნაკრებებით მოიგო.
ესპანეთის ეროვნულმა გუნდმა კონტინენტის ჩემპიონის ტიტული ისტორიაში მეოთხედ მოიპოვა, რაც ევროპულ ნაკრებებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია.