„ლუდოგორეცის“ მწვრთნელი - ვიცი, რომ ბათუმში „დინამო“ სხვა გუნდი იქნება #1TVSPORT
„ლუდოგორეცმა“ ბათუმის „დინამოსთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩისწინა ვარჯიში „ბათუმი არენაზე“ გამართა, ხოლო ბულგარელთა მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი დერმენჯიევმა მოახლოებულ დაპირისპირებაზე იმედიანად ისაუბრა.
„მოწინააღმდეგეზე საკმარისი ინფორმაცია გვაქვს. ვფიქრობ, „ლუდოგორეცი“ კარგად არის მომზადებული. ჩვენთვის პირველი მატჩის შედეგი 3:1 შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი წინაპირობაა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, უაღრესად რთული მატჩი გველის.
ბათუმის „დინამო“ ძალიან კარგი გუნდია. ისინი ბურთს კარგად აკონტროლებენ და ვფიქრობ, რომ ყველა ღონეს იხმარენ, რომ ჩვენ გაგვტეხონ. საკუთარ „კედლებში“ ამისთვის ბოლომდე დაიხარჯებიან. ამიტომ მგონია, რომ ეს სხვა გუნდი იქნება, ვიდრე რაზგრადში ვნახეთ.
კვადვო დუა ჯერ კიდევ არ არის მზად სათამაშოდ, რადგან ევრო 2024-ში მონაწილეობის შემდეგ დასვენება სჭირდებოდა და გუნდს დაგვიანებით შემოუერთდა. ასევე ვერ დაგვეხმარება ახალწვეული კამარა, რომელიც ცუდად არის მომზადებული.
მასპინძლებს ტრიბუნების მხარდაჭერა გაამხნევებს. პირადად მე ეს არ მაწუხებს. თუმცა ჩვენს ფეხბურთელებს ვესაუბრე და მჯერა, რომ მეტოქის დაუფასებლობას ადგილი არ ექნება. უნდა ვიყოთ ძალიან კონცენტრირებულები თამაშზე, 100 პროცენტით“, – ამბობს დერმენჯიევი.
„ბათუმი არენაზე“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ბათუმის „დინამოსა“ და „ლუდოგორეცს“ შორის 17 ივლისს გაიმართება. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.