ქუთაისის „ტორპედოსთან“ ევროპა ლიგის პლეი ოფის პირველ მატჩში გამარჯვების (1:0) შემდეგ, რაზგრადის „ლუდოგორეცის“ მთავარმა მწვრთნელმა, პაულო აუტუორიმ პრესკონფერენცია გამართა.
ბულგარეთის ჩემპიონის მთავარი მწვრთნელის თქმით, მეტის გატანის შანსი ჰქონდათ.
„ვულოცავ ჩემს გუნდს ამ გამარჯვებას. უნდა ითქვას, ჩვენმა მეტოქემ ღირსეულად ითამაშა. „ლუდოგორეცმა“ თამაში სწორად არ დაიწყო და ჩემს მიერ დასახულ გეგმას არ ასრულებდა. ყველაფერი შესვენების შემდეგ შედარებით გამოსწორდა. ყველაზე მთავარი ისაა, რომ მეორე ტაიმში „ლუდოგორეცმა“ ბურთი კარგად დაიჭირა. რატომ ვერ ვითამაშეთ მაღალ ტემპში? „ტორპედოსგან“ განსხვავებით, ჩვენ ევროპის ლიგაზე „ზრინსკისთან“ შეხვედრის შემდეგ ბულგარეთის ჩემპიონატში პრინციპულ მეტოქესთან ვითამაშეთ. ქუთაისელებმა კი საკუთარ ჩემპიონატში შეხვედრა გამოტოვეს და ჩვენზე ენერგიულად გამოიყურებოდნენ. მაგრამ რომ არა როინ კვასხვაძე, უფრო მეტის გატანა შეგვეძლო. თუმცა, ეს ორრაუნდიანი დაპირისპირებაა და ჯერ არაფერი დასრულებულა – ყველაფერი განმეორებით მატჩში გადაწყდება“, – ამბობს პაულო აუტუორი.