„ლუდოგორეცის” მწვრთნელი - დიდი მიზნები გვაქვს, ბათუმის „დინამო“ ვერაფრით გაგვაკვირვებს #1TVSPORT
„ლუდოგორეცის“ მწვრთნელი გეორგი დერმენჯიევი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში ბათუმის „დინამოსთან“ მატჩამდე ჟურნალისტებს ესაუბრა. გამოცდილმა სპეციალისტმა თქვა, რომ „არწივებს“ ამ სეზონში ევროტურნირებზე დიდი მიზნები აქვთ დასახული და დასძინა, რომ ქართველები რაზგრადულ გუნდს ვერაფრით გააკვირვებენ.
„დარწმუნებული ვარ, რომ მე და ჩემმა სამწვრთნელო სტაფმა დეტალურად შევისწავლეთ ბათუმის „დინამო“ და მისი შემადგენლობა. ქართველებმა ორი ოფიციალური მატჩი უკვე ჩაატარეს, ჩვენი გუნდი კი ჯერ კიდევ მოსამზადებელ ეტაპზეა, მაგრამ ამან „ლუდოგორეცის“ თამაშზე არ უნდა იმოქმედოს.
ჩვენ შევისწავლეთ „დინამო“, ისევე როგორც მათ – ჩვენ და არაფერი გაგვაკვირვებს. ვფიქრობ, ძალიან კარგი მომზადება გავიარეთ. „დინამოს“ ორი ოფიციალურად მატჩი აქვს ჩატარებული, მაგრამ ჩვენ ეს არ გვაშინებს. მენეჯმენტი და გუნდი ყოველთვის მაღალ მიზნებს ვისახავთ და თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ევროტურნირზე მაქსიმალურად შორს უნდა წავსულიყავით.
კარგად ვიცნობთ მეტოქეს, მათ ახალ ფეხბურთელებს, ვუყურეთ ჩემპიონატის მატჩებს – „დინამო“ ძალიან კარგი გუნდია, რომელიც თანამედროვე ფეხბურთს თამაშობს. საქართველოში კი ფეხბურთი აღმავლობას განიცდის. აქედან გამომდინარე, ძალიან სერიოზული და რთული მატჩი გველოდება. პირველი შეხვედრა ყოველთვის უაღრესად რთულია, მაგრამ არჩევანი არ გვაქვს და მოგებით უნდა დავიწყოთ“, – ამბობს „ლუდოგორეცის“ მწვრთნელი.