ლუჩანო სპალეტი - „ვერონასთან“ გამარჯვება ჩემპიონობას დაგვაახლოებს, შესაძლოა, კვარაცხელიამ თავიდან დაისვენოს #1TVSPORT
„ნაპოლის“ მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ სერია A-ში „ვერონასთან“ მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ამ შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჩემპიონატში გასამარჯვებლად ამ მატჩის მოგება აუცილებელია. ამავე დროს, არ გამორიცხა, რომ ხვიჩა კვარაცხელია თავიდან დაასვენოს.
„თუ ამ შეხვედრის მოგება მოვახერხეთ, სკუდეტოს მოსაგებად მხოლოდ სამი გამარჯვება დაგვჭირდება. ხვალ სამი ქულით ჩვენ უფრო მივუახლოვდებით ტიტულს და ამიტომ სამშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე გასამართ მატჩზე არ ვფიქრობ.
უნდა წარმოვიდგინოთ ის სილამაზე, რომელიც ჩემპიონობის შემთხვევაში ჩვენ წინაშე გადაიშლება. სამშაბათს „მილანთან“ კარგი მატჩი გველის, მაგრამ მთავარი ახლა „ვერონასთან“ დაპირისპირებაა – კარგად მომზადებულ გუნდთან, რომელიც ფიზიკურადაც კარგ ფორმაშია და ბოლომდე იბრძვის. ახლა „ნაპოლის“ პრობლემები აქვს, მაგრამ ჩვენი მოტივაცია გაცილებით მაღალია.
ვფიქრობ თუ არა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალამდე დი ლორენცოს და ლობოტკას დასვენებას? ორივე თავს შესანიშნავად გრძნობს და სათამაშოდ მზად არის, მაგრამ თუ ვნახავთ, რომ გადაღლილები არიან, დავასვენებთ.
კიმი ხვალ ითამაშებს, რადგან ის ჩემპიონთა ლიგის მატჩს გამოტოვებს. „მილანთან“ ვერც ანგისა დაგვეხმარება. ეს მნიშვნელოვანი ორმაგი დანაკლისი იქნება, მაგრამ მე კარგად ვიცნობ ჩემს გუნდს და დარწმუნებული ვარ, რომ სათანადო დონეზე ვითამაშებთ.
რაც შეეხება კვარაცხელიას, შესაძლოა, სათადარიგოთა სკამიდან დაიწყოს და შემდეგ მატჩის განმავლობაში შემცირებული სათამაშო დროით გამოვიყენოთ. მის მდგომარეობას უფრო ზუსტად შევაფასებთ და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ“, – განაცხადა ლუჩანო სპალეტიმ.