ლუჩანო სპალეტი - ტყუილია, რომ „ნაპოლიდან“ წასვლა მსურს, არც სხვა გუნდების მწვრთნელობა შემოუთავაზებიათ #1TVSPORT
„ნაპოლის“ მწვრთნელმა „ინტერთან“ მატჩამდე მოახლოებულ დაპირისპირებასა და გუნდში საკუთარ მომავალზე ისაუბრა. ლუჩანო სპალეტიმ უარყო მედიაში გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ სხვა გუნდში იწვევენ.
„ყველაზე დიდი სტიმული ის არის, რომ „ინტერი“ დამსახურებულად გახდა ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი და ლიგაში მისი დამარცხება გაგვახარებს. ჩვენ ვაფასებთ „ინტერს“, „რომას“ და „ფიორენტინას“, რომლებიც სამი ევროპული ტურნირის ფინალში გავიდნენ. ამ შედეგებით იტალია დიდ სარგებელს მიიღებს.
რაც შეეხება „ნაპოლის“ პრეზიდენტთან შეხვედრას – დე ლაურენტისს ვესაუბრე. იმ ვახშამზე ყველაფერი დავადგინე და დავაზუსტე. წასვლაზე ლაპარაკი არ გვქონია. რამდენიმე დღის წინ ვთქვი, რომ „ნაპოლის“ დიდი მომავალი აქვს, სწორი ნაბიჯები თუ გადაიდგმება. ასეთ ვითარებაში მუშაობა უფრო გაგვიადვილდება.
აჩვენა თუ არა ამ გუნდმა სრული პოტენციალი? ამის პროგნოზირება რთულია. ეს არის სრულყოფილი გუნდი, რომლის ბირთვსაც ახალგაზრდა ბიჭები შეადგენენ. ფანტასტიკური მოთამაშეები არიან. თავად პრეზიდენტმა თქვა, რომ ამ გუნდით და ამ ამბიციებით ჩემპიონთა ლიგის მოგება შეიძლება. მან „ნაპოლი“ ნულიდან ამ დონემდე მოიყვანა.
ხელფასის მომატებაზე უარი არ მითქვამს. სიმართლეს არც ის ინფორმაცია შეესაბამება, რომ, „ნაპოლის“ გარდა, სხვა გუნდების მწვრთნელობა შემომთავაზეს. არ არის სიმართალე, რომ სხვა გუნდის მწვრთნელობას ველოდები. ვინც ამას აკეთებს, სიცრუეს წერს ან იმას წერს, რაც მისთვის მოსახერხებელია, რადგან ეუბნებიან, დაწერეო.
შანსი რომ მქონდეს, ვის შევინარჩუნებდი? არიან ფანტასტიკური ფეხბურთელები, რომლებიც ხშირად სხვებზე უკეთ თამაშობენ, მაგრამ ამ გუნდმა მოიგო თუნდაც ოსიმენისა და კვარას გარეშე. ამიტომ მე ვსაუბრობ გუნდზე, როგორც ერთიან სხეულზე და ყველას როლს კარგად ვაცნობიერებ“, – ამბობს ლუჩანო სპალეტი.