ლუჩანო სპალეტი - ოსიმენსა და კვარაცხელიას აქვთ ნიჭი, ფანტაზია და კლასი, რომ მსოფლიო ფეხბურთს შეტყობინება გაუგზავნონ #1TVSPORT
ლუჩანო სპალეტი - ოსიმენსა და კვარაცხელიას აქვთ ნიჭი, ფანტაზია და კლასი, რომ მსოფლიო ფეხბურთს შეტყობინება გაუგზავნონ #1TVSPORT

„ნაპოლის“ მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ ფრანკურტის „აინტრახტთან“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრამდე პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი თვლის, რომ ფრანკფურტის „აინტრახტს“ უფრო მეტი გამოცდილება აქვს, ვიდრე მის გუნდს, მაგრამ შეუძლია, დაეყრდნოს ვიქტორ ოსიმენსა და ხვიჩა კვარაცხელიას, რომლებიც „მსოფლიო ფეხბურთს შეტყობინებებს უგზავნიან“.

მან ასევე კომენტარი გააკეთა ფრანკფურტის „აინტრახტის“ მწვრთნელის, ოლივერ გლასნერის შესახებ, რომელმაც მატჩისწინა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ სპალეტის ბიჭები „ანტიიტალიურად“ გამოიყურებიან მათი შემტევი თამაშის გამო.

„მე კარგად ვიცნობ ჩემს ფეხბურთელებს და ვიცი, როგორი პიროვნებები არიან. ამიტომ მათგან სწორ დამოკიდებულებას ველოდები. „აინტრახტს“ პლეი ოფში თამაშის უფრო მეტი გამოცდილება აქვს, ვიდრე ჩვენ. ვცდილობთ, წინ წავიდეთ და არ ვიფიქროთ იმ მცირე უპირატესობაზე, რაც სერია A-ში გვაქვს.

რაც შეეხება ოლივერ გლასნერის სიტყვებს, ჩვენი „ანტიიტალიური“ ფეხბურთის შესახებ, ეს რაღაცები კლიშეა. ჩვენ, ყველანი, სხვადასხვა სტილს ვიყენებთ, მაგრამ ევროპაში გუნდების კლასის გამო მუდმივად მოწინააღმდეგის ნახევარზე თამაში ძალიან რთულია. ჩვენ ვიცით, რომ გვაქვს პოტენციალი, ისევე როგორც ჩვენს მეტოქეს. „ნაპოლი“ ძლიერი გუნდია, მაგრამ შანსები 50/50-ზეა.

ოსიმენმა და კვარაცხელიამ ამ სეზონში სერია A-ში და ყველა ტურნირზე 31 გოლი გაიტანეს. ამ ორ მოთამაშეს აქვს ნიჭი, ფანტაზია და კლასი, რომ მსოფლიო ფეხბურთს შეტყობინება გაუგზავნონ. თანაც, ისინი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდები არიან. დე ლაურენტისმა და ჯუნტოლიმ ისინი კანდიდატთა დიდი სიიდან შეარჩიეს. დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ ორივე სწორ დამოკიდებულებას გამოავლენს“, – განაცხადა სპალეტიმ პრესკონფერენციაზე.

„ნაპოლი“ ფრანკფურტის „აინტრახტს“ სამშაბათს, 21 თებერვალს ესტუმრება. ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველი მატჩი თბილისის დროით 23:59-ზე დაიწყება.