ლუჩანო სპალეტი „ნაპოლისთვის“ იდეალურ მთავარ მწვრთნელად ფაბიო კანავაროს მიიჩნევს #1TVSPORT
„ნაპოლის“ ახალი მწვრთნელის ვინაობა ჯერ კიდევ უცნობია. ლუჩანო სპალეტი, „ნაპოლის“ ამჟამინდელი მწვრთნელი, ღირსეულ მემკვიდრედ ფაბიო კანავაროს, „ნაპოლისა“ და მადრიდის „რეალის“ ყოფილ მცველს მიიჩნევს, – ინფორმაციას იტალიური გამოცემა Il Mattino ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ლუჩანო სპალეტისთვის ახალი მთავარი მწვრთნელის შესახებ „ნაპოლის“ პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს აზრი არ უკითხავს.
„არჩევანის გაკეთება რომ შეეძლოს, ლუჩანო სპალეტი თავის მემკვიდრედ ფაბიო კანავაროს დაასახელებდა. სპალეტი დარწმუნებულია, რომ კანავარო ის ფიგურაა, რომელიც წარმატებულად დაწყებული პროექტის უწყვეტობის გარანტი გახდება. „ნაპოლის“ ამჟამინდელი ხელმძღვანელი იმაშიც დარწმუნებულია, რომ კანავაროს გასახდელში ფეხბურთელებიც ხელგაშლილები დახვდებიან.
დე ლაურენტისსაც შესანიშნავი ურთიერთობა აქვს კანავაროსთან, მაგრამ როგორც ჩანს, ჯერ მასთან არანაირი კონტაქტი არ შემდგარა“, – წერს იტალიური გამოცემა.
იტალიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ფაბიო კანავარომ (136 მატჩი, 2 გოლი) კარიერა „ნაპოლიში“ დაიწყო. შემდეგ ითამაშა „პარმაში“, „ინტერში“, „იუვენტუსსა“ და „რეალში“. კანავარო 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელი გახდა. ის ბოლო სეზონში სერია B-ს ბინადარს, „ბენევენტოს“ ავარჯიშებდა.