ლუჩანო სპალეტი - „მილანთან“ ოსიმენის არყოფნა სერიოზული დანაკლისია, მაგრამ ჩვენ გვყავს სიმეონე #1TVSPORT
„ნაპოლის“ მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ „მილანთან“ სერია A-ში ჩასატარებელ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
„რა თქმა უნდა, ოსიმენის არყოფნა მტკივნეულია. დარწმუნებულები ვართ, რომ ის ორ კვირაში დაბრუნდება. ძნელია, ასეთივე სწრაფი თავდამსხმელის პოვნა, მაგრამ ჩვენ გვყავს სიმეონე, რომელსაც აქვს ბევრი შესანიშნავი თვისება. სიმეონემ თამაში იმაზე მეტად დაიმსახურა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. გავიხსენებ, როგორ დაეხმარა არგენტინელი გუნდს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.
„მილანთან“ სამი შეხვედრა გველის. პიოლის ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს. „როსონერი“ იტალიის მოქმედი ჩემპიონია და ჩემპიონთა ლიგიდან წელს „ტოტენჰემი“ გამოთიშა. ეს არის გუნდი, რომელსაც სიურპრიზების შემოთავაზება შეუძლია. მათ იციან, როგორ სწრაფად შეცვალონ მოვლენების მიმდინარეობა. აქვთ ძალა, რომ ფიზიკურად შეგვიტიონ. მაგრამ ჩემპიონობისკენ სვლა ის სტიმულია, რომელიც გვაიძულებს, ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ.
ვამაყობთ, რომ გუნდის დროშები მთელ ნეაპოლში ფრიალებს, მაგრამ ისტორია ჯერ არ დაწერილა, ამიტომ უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები, რადგან ჯერ კიდევ არის რაღაც გასაკეთებელი. მხოლოდ ზედაპირულ ადამიანებს შეუძლიათ იფიქრონ, რომ ყველაფერი უკვე დასრულდა.
პიოლი მართალია, როდესაც ამბობს, რომ არ არსებობს სრულყოფილი გუნდი და რომ ყველას დამარცხება შესაძლებელია. ჩვენ უნდა დავაფასოთ ეს არაჩვეულებრივი სეზონი, „ნაპოლი“ რაღაც განსაკუთრებულს აკეთებს და ასე უნდა გავაგრძელოთ“, – აცხადებს ლუჩანო სპალეტი.