ლუჩანო სპალეტი - კვარაცხელიასგან ბევრს ველით, რადგან მან ინსინიე შეცვალა #1TVSPORT
ლუჩანო სპალეტი - კვარაცხელიასგან ბევრს ველით, რადგან მან ინსინიე შეცვალა #1TVSPORT

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ განაცხადა, რომ ლორენცო ინსინიეს წასვლის შემდეგ გუნდის ახალი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია უნდა გახდეს.

„მას უყვარს 77 ნომერი, მაშინვე მოინდომა მისი აღება. კვარაცხელიასგან ბევრს ველით, რადგან მან შეცვალა ჩემპიონი, რომელმაც გადაწყვიტა ახალი მეგობრები შეეძინა და სხვა გზა გაევლო იტალიურ ფეხბურთსა და ეროვნულ ნაკრებში ბევრი წლის თამაშის შემდეგ. ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ მოთამაშეების სურვილები, რადგან თუ მოთამაშე გადაწყვეტს ახალ გუნდში გადასვლას, როგორც ინსინიე, მის შენარჩუნებას აზრი არ აქვს. თუმცა, ბოლო წუთამდე იმედი მქონდა, რომ ის დარჩებოდა“ – განუცხადა სპალეტიმ DAZN-ს.

„ნაპოლი“ კი ამასობაში დაკომპლექტებას აგრძელებს. „ვერონას“ თავდამსხმელის, ჯოვანი სიმეონეს დამატების შემდეგ, გუნდი ფეხბურთელის იჯარაზე ინგლისურ კლუბსაც შეუთანხმდა.

ლაპარაკია „ტოტენჰემის“ ფრანგი ნახევარმცველის, ტანგი ნდომბელეს შეძენაზე – „ნაპოლიმ“ ტრანსფერი უკვე დაადასტურა. 25 წლის ნდომბელე „ტოტენჰემს“ 2019 წელს „ლიონიდან“ 60 მილიონ ევროდ შეუერთდა. 2022 წლის იანვრის ბოლოდან ფრანგი „ლიონში“ იჯარით სეზონის ბოლომდე თამაშობდა.