ლუჩანო სპალეტი - ხვიჩას შეჩერება ძალიან რთულია, მას დიდი მომავალი აქვს #1TVSPORT
„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ ანდრეა ფორტუნატოს პრემიის გადაცემის შემდეგ მედიასთან მიმდინარე ამბებზე ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელია მოჰამედ სალაჰს შეადარა.
ანდრეა ფორტუნატო მარცხენა მცველი იყო. „იუვენტუსის“ და იტალიის ნაკრების ფეხბურთელი 1990-იანი წლების დასაწყისის იტალიის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მცველად იყო მიჩნეული, მაგრამ 23 წლის ასაკში ლეიკემიით გარდაიცვალა.
„ნაპოლის“ მწვრთნელს ახალი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დაუსვეს კითხვა. ლუჩანო სპალეტი 22 წლის ქართველ ფეხბურთელს ნათელ მომავალს უწინასწარმეტყველებს და მოჰამედ სალაჰს ადარებს, რომელსაც „რომაში“ წვრთნიდა.
„ის ბურთს კარგად ფლობს, ძალიან კარგი დრიბლიორია, მშვენივრად არტყამს და ისეთ ფინტებს ასრულებს, რომ მისი შეჩერება ძალიან რთულია. დააახლოებით ასეთია მოჰამედ სალაჰი – ერთ-ერთი იმ მოთამაშეთაგანი, რომელსაც მოედნის მცირე მონაკვეთზე გამოსავალის პოვნა და სწორი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია და პრესის ქვეშ არ ექცევა. ხომ ხედავთ, რომ ეს ბავშვი (კვარაცხელია) მშვიდი პიროვნებაა, მას დიდი მომავალი აქვს“, – განაცხადა სპალეტიმ კვარაცხელიაზე.
„ნაპოლი“ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 22 მატჩში მხოლოდ ერთხელ დამარცხდა და სერია A-ში 59 ქულით ლიდერობს. სპალეტის გუნდი უკვე 16 ქულით უსწრებს უახლოეს მეტოქეს, მილანის „ინტერს“.
1989/1990 წლების შემდეგ ნეაპოლელებს სკუდეტოს მოპოვების პირველი რეალური შესაძლებლობა გაუჩნდათ. ამას გარდა, „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გავიდა.
მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ შთამბეჭდავ თამაშზე დიდი გავლენა იქონია ხვიჩა კვარაცხელიამ – მან უშუალო წვლილი შეიტანა მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მიერ გატანილ 25 გოლში.