ლუჩანო სპალეტი გაღიზიანდა - საკმარისია კვარაცხელიაზე კითხვები #1TVSPORT
„ნაპოლიმ“ ბერგამოში კონკურენტი „ატალანტა“ 2:1 დაამარცხა, რაც გუნდისთვის იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ მე-9 გამარჯვება აღმოჩნდა.
ამის მიუხედავად, მატჩის შემდეგ ნეაპოლელების მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი გაღიზიენებული იყო – მიზეზი ხვიჩა კვარაცხელიაზე დასმული კითხვა აღმოჩნდა, რომელიც წელის მწვავე ტკივილის გამო იძულებული გახდა მატჩი გამოეტოვებინა.
„ხვიჩა „ლივერპულთან“ მატჩში ალექსანდერ-არნოლდთან შეჯახების შემდეგ დაშავდა. ორი დღე მკურნალობა კარგად მიდიოდა და გვეგონა, რომ „ატალანტასთან“ ითამაშებდა, მაგრამ მატჩისწინა ვარჯიშზე წელი ისევ ასტკივდა. იმედია, მალე გამოჯანმრთელდება.
როგორ მოვიგეთ მის გარეშე? ეს კითხვა გასახდელში არავის მოსწონს, კვარას გარეშეც შესაძლებელია მოგება. თუ ვინმეზე ვიქნებით დამოკიდებული, მაშინ მე რას ვაკეთებ? ბიჭებმა იციან როგორ უნდა მოვიგოთ.
„ნაპოლიმ“ ყოველთვის უნდა აჩვენოს ის ფეხბურთი, რომლსაც მიჩვეულები არიან. რა ვითარებაშიც მოვხვდებით, იმ გარემოში უნდა ვითამაშოთ და ის გავაკეთოთ, რასაც აქამდე ვაკეთებდით. ესაა გუნდის ზრდის ნიშანი“, – ამბობს ლუჩანო სპალეტი.
„ნაპოლი“ 13 ტურის შემდეგ 35 ქულით პირველ ადგილზეა და კონკურენტ ბერგამოს „ატალანტასთან“ უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდა.