ლუჩანო სპალეტი - დიდი ხანია, გვინდოდა, ნეაპოლში ეს დღე და ეს სიხარული განგვეცადა #1TVSPORT
„ნაპოლის“ მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ „სალერნიტანასთან“ სერია A-ს 32-ე ტურის მატჩის წინა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ამ შეხვედრის მოგებით, შესაძლოა, „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონობა მოიპოვოს.
„ნაპოლი“ ისე ახლოსაა „სკუდეტოსთან“ (ჩემპიონობა), როგორც არასდროს. გუნდი „სალერნიტანას“ ხვალ, 30 აპრილს, „სტადიო მარადონაზე“ თბილისის დროით 17:00 საათზე დაუპირისპირდება. ლუჩანო სპალეტიმ კომენტარი მატჩის გადადების გადაწყვეტილებაზეც გააკეთა.
„ჩვენ დიდი ხანია, ვიცით, როგორი ვიაროთ და ამ გზაზე უკან არ დავიხევთ. უნდა გავაგრძელოთ ის, რასაც აქამდე ვაკეთებდით. ჩვენ ვემზადებით ხვალინდელი თამაშისთვის, სადაც მთელი ძალებით უნდა ვიბრძოლოთ. უდიდესი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. დიდი ხანია, გვინდოდა ეს დღე და ეს სიხარული განგვეცადა.
სარი წინააღმდეგი იყო მატჩის გადადების? ჩვენ გვსურს გავახაროთ ხალხი, ვინც საათობით სულმოუთქმელად გველოდება აეროპორტში, რათა ჩვენი ავტობუსი დაინახოს. თამაშის გადასადებად ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია, პირიქით, თავად მოგვიხდა დაგეგმილი საწვრთნელი გრაფიკის შეცვლა, მაგრამ უნდა ვუსმინოთ იმ ხალხს, ვინც ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავს.
გუნდს არაფრის შეცვლა არ სჭირდება, რადგან დღეს დილითაც დავინახე მოთამაშეებში დიდი მომდომება და ენთუზიაზმი. ამის გამო დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ „სალერნიტანასთან“ ჩვენს თამაშს ვითამაშებთ. თუმცა, არ ვიცი, მონდომება საკმარისი იქნება თუ არა, რადგან ძლიერ მოწინააღმდეგეს ვხვდებით.
„სალერნიტანა“ მომავალზე გათვლით აშენებული გუნდია, რომლის პრეზიდენტიც შესანიშნავ საქმეს აკეთებს. ამიტომ ეს დაპირისპირება ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ჩვენი მოწინააღმეგე ბოლო რვა მატჩია, არ აგებს. წარმატებამ გუნდი კიდევ უფრო გააძლიერა, მაგრამ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რასაც ჩვენგან ელიან“, – განაცხადა ლუჩანო სპალეტიმ.