ლორთქიფანიძემ „კრემონეზეში“ საზონოვის „ტორინოსთან“ ამხანაგურ მატჩში ითამაშა #1TVSPORT
დაჩი ლორთქიფანიძემ „კრემონეზეს“ შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა, რომელმაც ზაფხულის შეკრებაზე პირველი ამხანაგური შეხვედრა საბა საზონოვის „ტორინოსთან“ გამართა და 2:1 დაამარცხა.
მატჩი ოთხი 30-წუთიანი ტაიმისგან შედგებოდა – „ტორინოში“ საბა საზონოვმა მესამე და მეოთხე ტაიმი ითამაშა, ხოლო „კრემონეზეს“ შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაბრუნებული ლუკა ლოჩოშვილი ჯერ არ გამოჩენილა.
სამაგიეროდ, გამოჩნდა 19 წლის დაჩი ლორთქიფანიძე, რომელიც, ცხრა წელია, იტალიაში ცხოვრობს და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მოთამაშეა. ის „კრემონეზეს“ 19-წლამდელების გუნდის კაპიტანია და მეორე წელია, მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ლორთქიფანიძე კრემონელთა ძირითად გუნდში პირველად ათამაშეს – ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველი მოედანზე ბოლო ტაიმში შევიდა.
„კრემონეზე“ მომდევნო მატჩს 31 ივლისს, ისევ პინცოლოში, „ტრენტოსთან“ გამართავს.