„ანორთოსისი“ კვიპროსის ჩემპიონატის (პირველი დივიზიონი) ტურის ყველაზე დიდი სენსაციის ავტორი გახდა. გუნდმა, სადაც ორი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, კვიპროსის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი – ნიქოზიის „ომონია“ 4:1 დაამარცხა.
გიორგი ლორია ფამაგუსტელების ძირითად შემადგენლობაში იყო, ხოლო ავთო ებრალიძე ტრავმის გამო განაცხადში ვერ მოხვდა. „ომონია“ 30-ე წუთზე ლოიზოუმ დააწინაურა, მაგრამ მერე „ანორთოსისის“ თავდამსხმელმა სამუელ მრაზიმ გაიბრწყინა.
სლოვაკმა ფეხბურთელმა 45+1-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა, 53-ე წუთზე გუნდი წინ გაიყვანა, ხოლო 74-ე წუთზე ჰეთ-თრიქი შეასრულა და მასპინძელთა უპირატესობა კომფორტულ სხვაობამდე გაზარდა. საბოლოო ანგარიში კი 90+4-ე წუთზე ანტონინმა დააფიქსირა და „ანორთოსისმა“ 4:1 მოიგო.
22 ტურის შემდეგ „ანორთოსისმა“ 26 ქულა დააგროვა და მე-11 ადგილიდან მეცხრეზე დაწინაურდა.