ლორია ტრავმას გადაურჩა და „ანორთოსისს“ აეკ-თან დაეხმარება #1TVSPORT
გიორგი ლორიას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ქართველი მეკარე მზადაა, დაიცვას „ანორთოსისის“ კარი კვიპროსის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში აეკ-თან – ინფორმაცია გამოცემა philenews-მა გაავრცელა.
თემურ ქეცბაიას გუნდის ქართველი მეკარე კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურში „აპოლონთან“ გასვლით შეხვედრაში დაშავდა. წინასწარი პროგნოზი არასასიამოვნო იყო, რადგან ლორიამ მოედანი ფეხის მძიმე ტკივილით დატოვა.
მაგრამ გიორგის სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ ყველაზე უარესი თავიდან აირიდა. თავიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის ტრავმის დიაგნოზი იყო მცირე მოტეხილობა. მაგრამ გაირკვა, რომ სერიოზული არაფერია.
„გიორგი ლორიამ ოთხშაბათს მცირე დატვირთვით ივარჯიშა, ხუთშაბათს კი გუნდთან ერთად ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე დაიტვირთა და სათამაშოდ მზადაა. ყველაზე სავარაუდო სცენარია, რომ თემურ ქეცბაია ძირითად შემადგენლობაში ადგილს ისევ თანამემამულეს ანდობს“, – წერს კვიპროსული გამოცემა.
„ანორთოსისი“ ამჟამად ჩემპიონატში (38 ქულა) მეოთხე ადგილზეა, ხოლო ლარნაკას აეკ-ი – მესამეზე (39). შეხვედრა 5 მარტს ფამაგუსტელთა საშინაო არენაზე თბილისის დროით 21:30-ზე დაიწყება.