ლორია „ომონიის“ კაპიტანია - გიორგი „ანორთოსისთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს #1TVSPORT
გიორგი ლორია კვიპროსის ჩემპიონატის პირველი ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს – ინფორმაციას გამოცემა kerkida ავრცელებს.
„კვიპროსის უმაღლეს დივიზიონში დაბრუნებულმა არადიპუს „ომონიამ“ ახალი ჩემპიონატის სტარტზე „ანორთოსისთან“ ქულა მოიპოვა – 0:0. ფამაგუსტელებს გოლის გატანის კარგი შანსები ჰქონდათ, მაგრამ ლორიამ შესანიშნავად ითამაშა და კარი „მშრალად“ შეინარჩუნა.
ციფრული ტელევიზიის, SUPER MONDAY-ის შოუმ „ომონიასა“ და „ანორთოსისის“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ ქართველი მეკარე აირჩია. თავის ყოფილ გუნდთან მატჩში 38 წლის ლორიამ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და გუნდს პირველი ქულა მოუტანა“, – წერს გამოცემა.
გიორგიმ „ანორთოსისში“, სადაც ოთხი სეზონი გაატარა, გუნდის კაპიტანი და ერთ-ერთი ლიდერი იყო, ფამაგუსტელებთან ერთად კვიპროსის თასი მოიგო. მოედანზე გასვლამდე ქართველ მეკარეს „ანორთოსისის“ ფეხბურთელები და ფანები ოვაციებით დახვდნენ.
ახალი სეზონის პირველ ტურში გიორგი ლორიამ „ომონია“ მოედანზე კაპიტნის სამკლაურით გაიყვანა, გამორჩეული მატჩი ჩაატარა, ოთხი რთული დარტყმა მოიგერია და ორჯერ გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა. „ომონიამ“ ქულა მისი საიმედო თამაშის წყალობით მოიპოვა.