ლორია კუპატაძეს წარმატებულ დებიუტს ულოცავს - სანიოლის და ფეხბურთელებს შორის ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მეკარე გიორგი ლორიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ივნისის სანაკრებო მატჩებზე ილაპარაკა.
„ნიდერლანდები 3-5-2-ით თამაშობს. მაგალითად, „ბარსელონა“ მოედნის მცირე მონაკვეთზეა უფრო კონცენტრირებული და მოედნის მთელი სივრცის ათვისებას ცდილობს. მათი სტრატეგიაა და ტაქტიკა ამის გათვალისწინებით შეიცვალა. ალბათ, იმიტომ არ გამოგვივიდა თამაში, რომ ეს ჩვენთვის ახალი სისტემა იყო და მწვრთნელმა ახალი მოთამაშეები და ტაქტიკა მოსინჯა. რუმინეთთან პირველი თამაში მოვიგეთ, რაც ისტორიული მოვლენა იყო. ნიდერლანდებთან პირველი მომენტი ჩვენ შევქმენით და რომ გაგვეტანა, შესაძლოა, სხვა თამაში წასულიყო. იყო ჩავარდნებიც – მთლიანობაში ეს შემოდგომის მატჩებისთვის მოსამზადებელი ეტაპი იყო,“- განაცხადა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ გიორგი ლორიამ.
მან ნაკრების ფრანგი მწვრთნელი, ვილი სანიოლიც დაახასიათა:
„ძალიან დადებითი შთაბეჭდილება დამრჩა. უბრალო ადამიანია, საქმეში კი – პროფესიონალი და ძალიან მომთხოვნი. პირველი, რასაც ხაზს უსვამს – დისციპლინას ითხოვს. ურთიერთობაში ძალიან გამგებია და კარგად ხსნის, რა სჭირდება. ფეხბურთელებს და მას შორის ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა. კონკრეტულ დავალებებს იძლევა, ვისგან რას ითხოვს“.
ლორიამ რუმინეთთან ლაზარე კუპატაძის დებიუტი დადებითად შეაფასა:
„ლაზარემ ძალიან კარგად ითამაშა. განსაკუთრებით მაგარი იყო ის სეივი, ახლოდან რომ დაურტყეს და გადაგვარჩინა. ბევრი რამაა გასათვალისწინებელი – რომ დებიუტი ჰქონდა, იყო მღელვარება და თანაც გასვლითი მატჩი გახლდათ. თუმცა, საერთოდ არაფერი ეტყობოდა და მას წარმატებულ დებიუტს ვულოცავ“.
მისი თქმით, ნაკრებს კარგად თამაში შეუძლია:
„თამაში ყველასთან შეგვიძლია, მაგრამ მეტი კონცენტრაცია გვჭირდება, ზოგჯერ – 100 პროცენტით მეტიც. ახლა კოსოვოსთან სახლის მატჩი გვაქვს და მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. მართალია, ახლა აქ ვართ და არა ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ იმედია ეს ცოტა ხნით გადაიდო“.