ლორია და ქვილითაია სეზონის საუკეთესოებში დაასახელეს [ვიდეო] #1TVSPORT
ორი ქართველი ფეხბურთელი მოხვდა კვიპროსის საუკეთესო მოთამაშეთა სიაში, რომელთაგან მალე წლის ფეხბურთელს, ამპლუის მიხედვით საუკეთესოს და სეზონის სიმბოლურ ნაკრებს შეადგენენ.
მიმდინარე ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელების სია კვიპროსის ფეხბურთელთა ასოციაციამ წარმოადგინა.
დასახელებული მოთამაშეები კვიპროსის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირმა შეარჩია, გამოკითხვაში კი კვიპროსის პირველი დივიზიონის 12 გუნდის მოთამაშეები მიიღებენ მონაწილეობას – ოღონდ იმ პირობით, რომ საკუთარი გუნდიდან ვერავის დაასახელებენ და საუკეთესოებს მეტოქეთა შორის ირჩევენ.
მოთამაშეები 12 მაისს დაჯილდოვდებიან – Cablenet Sports1-ის პირდაპირ ეთერში წლის ტრადიციული AWARDS 2021/22 გაიმართება და ნომინანტებსა და გამარჯვებულებს დაასახელებენ.
პირველი ქართველი, რომელიც ამ სიაში მოხვდა, ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მეკარე გიორგი ლორიაა, ხოლო თავდამსხმელის ნომინაციაში „აპოელის“ მოთამაშე გიორგი ქვილითაია დაასახელეს.