ინგლისის პრემიერლიგის 22-ე ტურში ცენტრალური მატჩი გაიმართა – “ემირეიტზე” ლონდონურ დერბიში “არსენალმა” “ჩელსის” უმასპინძლა და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გადაარჩინა შეხვედრა.
მთავარი მოვლენები მატჩში ბოლო ნახევარ საათში განვითარდა. “არსენალმა” უილშირის გოლით 63-ე წუთზე გახსნა ანგარიში. 67-ზე ედენ აზარმა პენალტით გაათანაბრა, ხოლო მარკოს ალონსომ 84-ე წუთზე წინ გაიყვანა “ჩელსი”. “არსენალი” ბელერინმა გადაარჩინა, რომელმაც 92-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა – 2:2.
“არსენალი” შვიდი მატჩია არ მარცხდება, მაგრამ ამ სერიისას ხუთი ფრე ითამაშა. “ჩელსიმ”, რომელსაც ექვსმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, დაკარგა “მანჩესტერ იუნაიტედის” გასწრებისა და მეორე ადგილზე გადასვლის შანსი. ანტონიო კონტეს გუნდი მესამე პოზიციაზე დარჩა, “არსენალი” კი მეექვსე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას ხუთი ქულით ჩამორჩება.