ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში 24-ე ტურის მორიგი შეხვედრა „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე გაიმართა. თბილისის „ლოკომოტივმა“ ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლა და დაამარცა.
ანგარიში მეორე ტაიმში გაიხსანა – 48-ე წუთზე „ლოკომოტივის“ ნახევარმცველი – ოთარ კობახიძე საჯარიმოში შევარდა და ზუსტი დარტყმით მეკარეს შანსი არ დაუტოვა – 1:0.
79-ე წუთზე კობახიძის შესრულებუილი საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბოლნისელები ძელმა იხსნა. თავის გამოჩენა შემტევს – ზუკა დავითაშვილსაც შეეძლო, მაგრამ მეკარესთან პირისპირ გასულმა ვერ გაიტანა. თავის მხრივ შანსებით „სიონის“ მოთამაშეებმა, ვილი ისიანმა და ბიძინა მახარობლიძემაც ვერ ისარგებლეს. სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა „ლოკომოტივში“, ამერიკელმა ლეგიონერმა – უილიამ ოლურემ ჯონმა და ორი რეალური საგოლე მომენტი გაანიავა.
საბოლოოდ, თბილისელებმა 1:0 მოიგეს და 28 ქულით მეექვსე ადგილზე აინაცვლეს, ხოლო „სიონი“ 20 ქულით ისევ მერვეზეა.
24-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა, ხვალ „დინამო-არენაზე“ გაიმართება – მეორეადგილოსანი თბილისის „დინამო“ გათამაშების ლიდერს – „საბურთალოს“ მიიღებს. მატჩის პირდაპირ ტელეტრანსლაციას, რომელიც 16:00-ზე დაიწყება, პირველი არხი შემოგთავაზებთ.