თბილისის „ლოკომოტივმა“ ეროვნულ ლიგის 22-ე ტურში ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლა, მინიმალური ანგარიშით დაამარცხა და სატურნირო ცხრილში ერთი ადგილით დაწინაურდა.
ანგარიში 28-ე წუთზე „ლოკომოტივმა“ გაიხსნა – ბექა დარცმელაის მოწოდებული კუთხურის შემდეგ ბურთი „შუქურას“ ნახევარმცველ კახა კაკაშვილს მოხვდა და სტუმართა კარში აღმოჩნდა – 1:0. 43-ე წუთზე „შუქურა“ კაცნაკლული დარჩა. მთავარმა არბიტრმა ირაკლი კვირიკაშვილმა ბექა ვარშანიძეს მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედანი დაატოვებინა.
საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა, „ლოკომოტივმა“ 1:0 მოიგო, 36 ქულა დააგროვა და გადაასწრო „საბურთალოს“ (35 ქულა), რომელიც ხვალ ითამაშებს. „შუქურა“ კი (20 ქულა) მე-7 ადგილზე დარჩა, მაგრამ ხვალ ქუთაისის „ტორპედო“ (19 ქულა) თუ მოიგებს, ერთი პოზიციით დაქვეითება მოუწევს.
22- ტურის დარჩენილი სამი მატჩი ორ დღეზე გადანაწილდა
კვირა, 8 აგვისტო
დინამო თბ – საბურთალო
19:00. თბილისი. „დინამო არენა“
დინამო ბთ – სამტრედია
21:00. ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
ორშაბათი, 9 აგვისტო
ტორპედო – თელავი
20:00. ქუთაისი. „რამაზ შენგელია – არენა“