ეროვნული ლიგის მე-12 ტურში თბილისური გუნდები დაუპირისპირდნენ – „მერანმა“ „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და დიდი სხვაობით დამარცხდა.
ანგარიში ძალიან სწრაფად, 56-ე წამზე გაიხსნა – ბექა დარცმელიას გადაცემით „მერანის“ კარი გიორგი იაკობიძემ აიღო 1:0 და სეზონის მეორე უსწრაფესი გოლის ავტორი გახდა – ყველაზე სწრაფი კი მე-3 ტურში ბათუმის „დინამოს“ ყოფილმა თავდამსხმელმა ჯოვინო ფლამარიონმა (28-ე წამზე) „თელავს“ გაუტანა.
31-ე წუთზე, „ლოკომოტივს“ საქმე „მერანის“ მცველებმა გაუადვილეს – მოგერიების ნაცვლად, ბურთი საკუთარ კარში ბექა გაბისკირიამ ჩაჭრა 0:2. დარცმელია მესამე გოლშიც მონაწილეობდა – 41-ე წუთზე, მისი მოწოდებული კუთხურის შემდეგ, „ლოკომოტივის“ მცველმა ნიკა სანდოხაძემ გაიტანა 0:3. 47-ე წუთზე, ულად-ომარ იმრანის კუთხურის შემდეგ მეტოქის კარის ბადე უკვე „ლოკომოტივის“ მეორე ცენტრალურმა მცველმა ალექსანდრე გურეშიძემ შეარხია – 0:4.
ამ გამარჯვებით, 12 ტურის შემდეგ „ლოკომოტივი“ ისევ მე-5 ადგილზეა და დაწინაურება ვერ მოახერხა. მაგრამ გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა 19 ქულა დააგროვა და ლიდერთა ჯგუფთან სხვაობა ქულამდე შეამცირა. „მერანი“ კი 5 ქულით ბოლოსწინა მე-9 პოზიციაზეა.