8 იანვარს, თბილისის „ლოკომოტივმა“ შეკრება და სეზონისწინა მოსამზადებელი პერიოდი დაიწყო. საგურამოს ბაზის მინდვრების რეაბილიტაციის გამო, გუნდმა ახალი წლის პირველი ვარჯიში თბილისის ზღვაზე მდებარე საფეხბურთო კლუბის, „ზესტაფონის“ ბაზაზე ივარჯიშა.
გუნდის ვარჯიში ღია იყო და ცნობილი გახდა, რომ გუნდთან ერთად ივარჯიშებს 14 წლის ფეხბურთელი. საქმე ისაა, რომ თბილისის „ლოკომოტივმა“ 14 წლის მეკარესთან – სოსო კოპალიანთან სამწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა და ახალი სეზონისთვის, სოსო პირველ გუნდთან ერთად მოემზადება.
ის ერთ-ერთი ყველაზე პატარა ასაკის მოთამაშეა, რომელიც ეროვნული ლიგის გუნდის მთავარ შემადგენლობასთან ერთად ივარჯიშებს. იყო შემთხვევა, როდესაც ქუთაისის „ტორპედოში“ ზედიზედ რამდენიმე შეხვედრა 15 წლის მეკარე დავით ასათიანმა ითამაშა და 2 პენალტი მოიგერია, გუნდის განაცხადში კი 13 წლის მოთამაშე ჰყავდათ, თუმცა, მას არ უთამაშია.
ყველაზე პატარა ასაკში საქართველოს ჩემპიონატში კობა წიტაიშვილს უთამაშია. მან ზუგდიდის „დინამოს“ ფორმა 14 წლის ასაკში მოირგო. მისი ვაჟი, გიორგი წიტაიშვილი კიევის „დინამოს“ ფეხბურთელია.