„ლოკომოტივმა“ დაკარგა, „ვიტ ჯორჯიამ“ მოიპოვა, კორღალიძე ახალი წესით დაისაჯა
„კრისტალბეთ“ ეროვნულ ლიგაში 24-ე ტურის პირველი შეხვედრა გაიმართა. „მიხეილ მესხზე“ „ლოკომოტივმა“ „ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლა და მხოლოდ ქულას დასჯერდა.
ანგარიში 26-ე წუთზე პენალტით „ლოკომოტივის“ ნახევარმცველმა თემურ შონიამ გახსნა. მასპინძლებმა ამის შემდეგ კიდევ არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ ვერ გამოიყენეს და დაისაჯნენ: 90+3-ე წუთზე ზურაბ მუსელიანი კარის წინ მცველებს გაექცა და ზუსტი თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა – 1:1
საბოლოოდ, ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელმა „ლოკომოტივმა“ ქულები დაკარგა, ხოლო აუტსაიდერმა „ვიტ ჯორჯიამ“ მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ 90+1-ე წუთი კი „კრისტალბეთ“ ეროვნულ ლიგაში პირველად, მთავარმა არბიტრმა ახალი წესით ისარგებლა და ყვითელი ბარათი „ლოკომოტივის“ მთავარ მწვრთნელს, ლევან კორღალიძეს აჩვენა.
24-ე ტურის დანარჩენი შეხვედრები შაბათ-კვირას გაიმართება – ეროვნულ ლიგას ევროთასებიდან გამოვარდნილი გუნდებიც დაუბრუნდებიან. წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე ქართულ კლასიკო შედგება – ქუთაისის „ტორპედოს“ თბილისის „დინამო“ ესტუმრება, ხოლო „საბურთალო“ „მიხეილ მესხზე“ გორის „დილას“ უმასპინძლებს. გუნდების ევროთასებზე გამოსვლიდან გამომდინარე, სათამაშო დღეებს შორის სამდღიანი პაუზა იქნება.
შაბათი, 17 აგვისტო
„რუსთავი“ – „სიონი“
19:00. ტექნიკური ცენტრი – რუსთავი
„დინამო ბთ.“ – „ჩიხურა“
21:00. ანგისა – ბათუმი
სამშაბათი, 20 აგვისტო
„ტორპედო“ – „დინამო თბ.“
17:30. 26 მაისი – წყალტუბო
„საბურთალო“ – „დილა“
20:00. მიხეილ მესხი – თბილისი
ამასთან, 22-ე ტურის გამოტოვებული შეხვედრა „საბურთალოსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ შორის 17 სექტემბერს, 20:00 საათზე მიხეილ მესხზე გაიმართება.