„ლოკომოტივის“ რევანში - თბილისელებმა გასვლაზე „სამგურალი“ დაამარცხეს #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მე-16 ტურის მეორე სათამაშო დღე წყალტუბოს „26 მაისი – არენაზე“ გამართული მატჩით დაიწყო – „სამგურალმა“ თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა, მეტოქესთან ვერაფერს გახდა და დამარცხდა.
ანგარიში თბილისელებმა სწრაფად გახსნეს – დავით უბილავას დარტყმის შემდეგ ბურთს მიმართულება ულად-ომარ იმრანმა შეუცვალა და მაქსიმე ქვილითაიამ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ირაკლი სიხარულიძემ ზუსტად დაარტყა 0:1.
სიხიარულიძეს მე-10 წუთზე დუბლის შესრულების რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ თორნიკე კირკიტაძის მიერ კარის წინ დატოვებულმა თავდამსხმელმა ახლოდან მიზანს ააცილა.
მე-19 წუთზე სერგი კუხიანიძე საჯარიმოში შევარდა და მასთან ბრძოლაში სველ მოედანზე წაქცეულმა გურამ კაშიამ ბურთზე ხელით ითამაშა და მთავარმა არბიტრმა პენალტი დანიშნა, რომელიც თავად კუხიანიძემ უნაკლოდ შეასრულა და წონასწორობა აღადგინა 1:1.
წყალტუბოელების სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა – 27-ე წუთზე „ლოკომოტივის“ სწრაფ კონტრშეტევას ულად-ომარ იმრანი აგვირგვინებდა, დარტყმა ისევ მეკარემ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე მამია გავაშელიშვილმა სტუმრები მეორედ დააწინაურა.
მეორე ტაიმი „სამგურალმა“ აქტიურად დაიწყო და „ლოკომოტივის“ კართან სახიფათო მომენტები შექმნა, მაგრამ სტუმართა მეკარე გიორგი მამარდაშვილი და მცველები საიმედოდ თამაშობდნენ. გოლი კი „ლოკომოტივმა“ გაიტანა – კუთხურის შემდეგ მასპინძელთა კარი უძლიერესი დარტყმით თემურ შონიამ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1 „ლოკომოტივის“ სასარგებლოდ, რომელმაც პირველ წრეში თბილისში მარცხისთვის (2:3) სრულფასოვანი რევანში აიღო.
16 ტურის შემდეგ „ლოკომოტივმა“ 27 ქულა დააგროვა და მესამეადგილოსან „საბურთალოს“ დაეწია, წყალტუბოს „სამგურალი“ კი 22 ქულით მე-6 პოზიციაზე დარჩა.
სამგურალი – ლოკომოტივი 1:3
10.07. 2021 – წყალტუბო – „26 მაისი – არენა“
გოლები: 0:1 სიხარულიძე (7), 1:1 კუხიანიძე (19. პ), 1:2 გავაშელიშვილი (27), 1:3 შონია (87)
სამგურალი: ქვილითაია – ბანძელაძე, ლ. ქურდაძე, პატარკაციშვილი, კალანდარიშვილი – ჩიხლაძე (63. ბუხაიძე), გილმორი (84. ვერულიძე), ფონიავა (84. ბურჯანაძე) – დ. კირკიტაძე, კუხიანიძე, ლექვთაძე (63. დოლიძე)
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
ლოკომოტივი: მამარდაშვილი – გაბაძე, კაშია, სანდოხაძე, უბილავა – შონია, სამურკასოვი (74. ანდრონიკაშვილი) – თ. კირკიტაძე (89. ჭიაბრიშვილი), ულად-ომარ იმრანი, გავაშელიშვილი (68. იაკობიძე) – სიხარულიძე (89. მუკბანიანი)
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დეკანოსიძე
მთავარი არბიტრი: ბ. ნინუა
გაფრთხილებები: გავაშელიშვილი (60), იაკობიძე (89)