„ლოკომოტივის“ პლუს-მინუსები - არდაზიშვილი და კომახიძე დაბრუნდნენ, ხიდეშელთან კონტრაქტი გაწყდა
„ლოკომოტივის“ პლუს-მინუსები - არდაზიშვილი და კომახიძე დაბრუნდნენ, ხიდეშელთან კონტრაქტი გაწყდა

ეროვნულ ლიგის მე-14 ტურში, თბილისის “ლოკომოტივი” “საბურთალოს” უმასპინძლებს. შესაძლოა, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდს ამ მატჩში ორი საკვანძო მოთამაშე დაემატოს, რომლებიც დაშავებულები იყვნენ.

რატი არდაზიშვილმა 2017 წლის 13 ივნისს მიღებული ტრავმის შემდეგ პირველად სანაკრებო პაუზაზე “გაგრასთან” გამართულ საკონტროლო შეხვედრა ითამაშა. ის მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისში გამოჩნდა, თუმცა მხოლოდ 20 წუთი ითამაშა. რატიმ მძიმე ტრავმა გადაიტანა და სრულფასოვნად ვარჯიში რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, ამიტომ მწვრთნელებმა მცირე დროით ამის გამო დატვირთეს.

რამდენიმეთვიანი ტრავმის შემდეგ ითამაშა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კომახიძემაც, რომელიც თამაშში მეორე ნახევარში ჩაერთო და მთელი ტაიმი ჩაატარა.

თუმცა, “ლოკომოტივში” დანაკლისიც არის, გუნდი გამოცდილმა გიორგი ხიდეშელმა დატოვა. 30 წლის მცველი და კლუბი კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმდნენ. ხიდეშელი თბილისურ კლუბში 2015 წლიდან გამოდიოდა. ამ პერიოდში 44 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. ხიდეშელი ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო, ეროვნული ნაკრების ფორმა კი სამჯერ მოირგო.