„ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელი - მჯერა, საქართველოს თასის ფინალში გავალთ
„ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელი - მჯერა, საქართველოს თასის ფინალში გავალთ

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ნახევარფინალში თბილისის „ლოკომოტივი“ მეოთხე ლიგის წარმომადგენელს, საგარეჯოს „გარეჯი 1960“-ს შეხვდება.

გუნდების რანგებს შორის სხვაობიდან გამომდინარე, ბევრი გულშემატკივარი „ლოკომოტივს“ ფინალში გასულად თვლის, რასაც თბილისური კლუბის მთავარი მწვრთნელი ლევან კორღალიძე არ ეთანხმება.

„ნახევარფინალში სუსტი გუნდები არ არიან. ამიტომ, ძალიან სერიოზული თამაში გველის და ჩვენც, შესაბამისად, მთელი სერიოზულობით უნდა მოვემზადოთ. მე მჯერა ჩემი გუნდის და დარწმუნებული ვარ, მივაღწევთ იმ შედეგს, რასაც ვიმსახურებთ და რაც გვინდა“, – ამბობს ლევან კორღალიძე.

„ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელი ამ მატჩის სირთულეებზე მიუთითებს.

„შეხვედრა ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართება, სადაც თამაში ყოველთვის რთულია. მით უმეტეს, როცა გუნდი მხოლოდ ბუნებრივზე ვარჯიშობს და თამაშობს. ჩვენ თასის წინა ორი ეტაპი ხელოვნურზე ვითამაშეთ და საჭირო გამოცდილებაც მივიღეთ, თუმცა ეს ისეთი მნიშვნელობის შეხვედრაა, რომ ჩვენთვის არანაირი ხელისშემშლელი ფაქტორი არ უნდა არსებობდეს. კარგად ვიცნობ „გარეჯს“, როგორც გუნდს და ასევე, კარგად ვიცნობ მათ მთავარ მწვრთნელს – ძალიან კარგ, ახალგაზრდა და პერსპექტიულ სპეციალისტს. იმედი მაქვს, რომ ფინალში ვითამაშებთ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ვემზადებით რთული თამაშისთვის,“ – აცხადებს ლევან კორღალიძე.

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/2 ფინალურ ეტაპზე „ლოკომოტივი“ „გარეჯი 1960“-ს საგარეჯოს არსენ მეკოკიშვილის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება. ამავე დღეს, მეორე ნახევარფინალს მიხეილ მესხის სახელობის არენა უმასპინძლებს, სადაც „საბურთალო“ ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვდება.