ლევან კორღალიძე თბილისის „ლოკომოტივში“ გადავიდა – ინფორმაციას თბილისური კლუბის პრეს-სამსახური ავრცელებს.
38 წლის სპეციალისტი „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელის, ლაშა ჭაღიაშვილის ასისტენტი გახდა. პარალელურად, „ლოკოს“ აკადემიის 15 წლამდე გუნდს გაწვრთნის.
ბოლოს „საბურთალოს“ 19-წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი გახლდათ და მისი ხელმძღვანელობით გუნდს ზედიზედ 34 ოფიციალური მატჩი (წელიწადზე მეტხანს) წაგებული არ ჰქონდა.
ივლისში კორღალიძეს ლატვიაში მუშაობა შესთავაზეს. ის წლების განმავლობაში რიგის “სკონტოში” თამაშობდა და 6-ჯერ იყო ლატვიის ჩემპიონი, 2004 წელს კი სამი პრიზის მფლობელი გახდა – ჩემპიონატის საუკეთესო ნახევარმცველის, ყველაზე ვაჟკაცური მოთამაშის და საუკეთესო ლეგიონერის. მერე ლევანი მოლდოვაში გადავიდა, სადაც კიშინიოვის “დაჩიაში” 2011 წელს ამ ქვეყნის ჩემპიონიც გახდა და უეფას ვერსიით მოლდოვის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
„დაჩიას“ მაშინდელი პრეზიდენტი „ვენტსპილსის“ ამჟამინდელი მეპატრონე ადლან შიშხანოვია და ლატვიაში გუნდის დუბლშემადგენლობის გაწვრთნა შესთავაზა. მაგრამ კორღალიძემ საქართველოშ დარჩენა ამჯობინა.