„ლოკომოტივის“ კაპიტანი - თეორიული შანსი არსებობს და ელიგაში ადგილისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ #1TVSPORT
თბილისის „ლოკომოტივის“ კაპიტანი, გიორგი გაბაძე მძიმე ტრავმის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა – 27 წლის მცველმა კომენტარი საკუთარ მდგომარეობასა და ეროვნულ ლიგაში გუნდის დარჩენის შანსებზე გააკეთა.
„დაახლოებით ორი კვირაა, რაც დავიწყე სრულყოფილი ვარჯიში. ნელ-ნელა სასურველ კონდიციაში შევდივარ და იმედი მაქვს, კლუბს ოფიციალურ თამაშებში მალე დავეხმარები.
ცხრილს რომ ვუყურებ და „ლოკომოტივი“ ბოლო ადგილზეა, ეს ჩემთვის ნამდვილად გულდასაწყვეტია. მაგრამ ეს ფეხბურთია და აქ ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. ჯერჯერობით, არსებობს თეორიული შანსი და ბრძოლას ჩვენ ბოლომდე ვაპირებთ.
21 აგვისტოს გასვლაზე ვეთამაშებით ქუთაისის „ტორპედოს“ – გუნდს, რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძვის, ვფიქრობ, საკმაოდ რთული და საინტერესო მატჩი გველის“ – ამბობს გიორგი გაბაძე.
2021 წლის დეკემბერში, გიორგი გაბაძემ თბილისის „ლოკომოტივი“ გია ჭიაბრიშვილთან და 14 ფეხბურთელთან ერთად დატოვა. მაგრამ შემდეგ გუნდში დაბრუნდა. გიორგი 13 წლიდან „ლოკომოტივის“ აკადემიაში ვარჯიშობდა. შემდეგ იყო ასაკობრივი გუნდები და მთავარი „ლოკომოტივი“, სადაც წელს გუნდს კაპიტნად აირჩიეს.