„ლოკომოტივის“ დირექტორთა საბჭოს ექს-წევრი - კვარაცხელია წავიდა არა ჩვენი, არამედ აგენტების „თამაშის“ გამო #1TVSPORT
„ლოკომოტივის“ დირექტორთა საბჭოს ექს-წევრი - კვარაცხელია წავიდა არა ჩვენი, არამედ აგენტების „თამაშის“ გამო #1TVSPORT

მოსკოვის „ლოკომოტივის“ დირექტორთა საბჭოს ყოფილმა წევრმა დიმიტრი ბულიკინმა გაიხსენა, თუ რატომ დატოვა 2019 წელს ქართველმა თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდი და განსხვავებული ვერსია გააჟღერა.

„გასაგებია, რომ ფეხბურთელი პერსპექტიულია და გუნდში მისი დატოვება სურდათ, მაგრამ მის გარემოცვასთან ვერ შეთანხმდნენ. „ლოკომოტივში“ ამის გამო არ დარჩა. მიზეზი ბანალურია – ყველაფერი ფულის გამო მოხდა. დაუშვა თუ არა შეცდომა „ლოკომოტივის“ მენეჯმენტმა? მე ასე არ ვიტყოდი. ეს იყო აგენტების „თამაში“, რომელმაც მომხდარზე დიდი გავლენა მოახდინა და მხარეები ამის გამო ვერ შეთანხმდნენ”, – განაცხადა რუსეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა „მატჩ ტვ“-სთან ინტერვიუში.

„დინამო თბილისის“ აღზრდილი ხვიჩა კვარაცხელია „ლოკომოტივში“ 2018/2019 წლების სეზონის გაზაფხულზე თამაშობდა. გუნდის ფორმით 10 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. 2019 წლის ზაფხულში მოსკოვური კლუბის მენეჯმენტს კონტრაქტის გაფორმებაზე ვერ შეუთანხმდა და თავისუფალი აგენტის სტატუსით ყაზანის „რუბინში“ გადავიდა.

რუსეთის პრემიერლიგის წინა სეზონში ქართველმა ყაზანელების შემადგენლობაში 23 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა, 4-ჯერ პენალტი მოიპოვა, 6-ჯერ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, ხოლო წლის ბოლოს (ზედიზედ მეორედ) რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ აღიარეს.