ორი მატჩი და ორი მოგება – ასეთი სტარტი აქვს ეროვნულ ლიგაში თბილისის „ლოკომოტივს“, რომელმაც მეორე ტურში საჩხერეს „ჩიხურა“ დაამარცხა.
ლევან კორღალიძის გაწვრთნილებმა „ჩიხურასთან“ მატჩი ცუდად დაიწყეს – 30-ე წუთზე მათ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც საჩხერელთა მცველმა გიორგი კორიფაძემ გოლად აქცია 1:0.
თბილისელებმა ანგარიში 36-ე წუთზე გაათანაბრეს: დავით უბილავას ფლანგური გადაცემა ირაკლი სიხარულიძემ თავური დარტყმით დააგვირგვინა 1:1. 53-ე წუთზე, სიხარულიძე საჩხერელებმა საკუთარ საჯარიმოში მოცელეს და მთავარმა არბიტრმა მეორე პენალტი დანიშნა, რომელიც თავად სიხარულიძემ უნაკლოდ შეასრულა – 1:2. საბოლოო ანგარიში კი 74-ე წუთზე დაფიქსირდა, როდესაც „ჩიხურას“ მცველმა გოდერძი მაჩაიძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და „ლოკომოტივმა“ 1:3 გაიმარჯვა.
ირაკლი სიხარულიძე ბრწყინვალე ფორმაშია – 2 მატჩში გატანილი 4 გოლით „ლოკომოტივის“ საუკეთესო მეგოლე ეროვნული ლიგის ბომბარდირთა დავას სათავეში ჩაუდგა.