ლოკომოტივის ახალმა სარაგბო ბაზამ საიუბილეო ამხანაგურ მატჩს უმასპინძლა
დიღომში მდებარე სარაგბო კლუბ „ლოკომოტივის“ ახალ ბაზაზე გაიმართა საიუბილეო მატჩი ვეტერან მორაგბეებს შორის. ერთმანეთს შეერკინენ თბილისის „ლოკომოტივი“ და ამსტერდამის რაგბის კავშირის ვეტერანები.
1968 წელს თბილისის „ლოკომოტივმა“ მესამე ადგილი დაიკავა სსრკ ჩემპიონატში. გუნდმა ეს შედეგი კიდევ სამჯერ გაიმეორა (1972, 1978, 1981), 1978 წელს კი სსრკ თასი მოიპოვა. მატჩიდან 40 წლის შემდეგ, ამ თარიღის აღსანიშნავად ახლადგახსნილ ბაზაზე მორაგბეები შეიკრიბნენ.
მატჩს წაუძღვა ყოფილი მორაგბე, ვეტერანი მსაჯი, თბილისის „ლოკომოტივის„ ყოფილი მენეჯერი და ცნობილი სატელევიზიო კომენტატორი 1972 წლიდან, თემურ ჯაფარიძე.
ქართველი მორაგბეები მოედანზე შინდისფერი კვართებით გამოვიდნენ. ქართველ და ჰოლანდიელ ვეტერანებს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სამახსოვრო მედლები გადაეცათ.
კლუბ „ლოკომოტივის“ შემადგენლობა 11 ნოემბრის ამხანაგური მატჩისთვის –
- გიორგი კახიანი
- ბექა ნაცვლიშვილი
- ბიძინა გეგიძე
- რეზო ჯავახიშვილი
- თამაზ ჩადუნელი
- ბუბა კვინიხიძე
- ბესო ბერიძე
- გიორგი ბუგიანიშვილი
- კახა ალანია
- ალექსანდრე ღიბრაძე
- ავთო ღიბრაძე
- ნიკა ნატროშვილი
- დათო ცხადაია
- დემირ ძნელაძე
- დათო შუბითიძე
- ჯემალ ბასილაშვილი
- ირაკლი აბუსერიძე
დიღომში მდებარე ახალი სარაგბო ბაზა სრული აღჭურვილობით და სასტუმრო კომპლექსით თბილისის „ლოკომოტივს“ 2 კვირის წინ გადაეცა. სწორედ 2 კვირის წინ საქართველოს რაგბის კავშირმა საქველმოქმედო ფონდისგან „ქართუ“ მფლობელობაში კიდევ სამი, თანამედროვე სტანდარტების ახალი კომპლექსი მიიღო. ქართულ სარაგბო ინფრასტრუქტურას შეემატა ორი ახალი ბაზა თბილისში, ერთი კი თელავში. 3 ახალი სარაგბო კომპლექსის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 18 800 000 ლარზე მეტია. ყველა კომპლექსს აქვს ბუნებრივ და ხელოვნურ საფარიანი მოედნები. თბილისში ტრიბუნები 2 344 მაყურებელზეა გათვლილი, თელავის კომპლექსის ტრიბუნები კი 2 244 მაყურებელს იტევს.
სარაგბო კომპლექსებში ასევე გათვალისწინებულია – ყინულის და საცურაო აუზები, ძალოსნობის დარბაზები, ღია სარეკრეაციო ზონები, ვიდეო-ანალიზის ოთახი, საკომენტატორო ოთახები, საკონფერენციო სივრცეები, ექიმისა და დოპინგ-კონტროლის ოთახები და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა.
წყარო – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო