„ლოკომოტივის“ აკადემიის მწვრთნელი - დარასელიას თასი ბიჭებისთვის უკეთესი ცხოვრებისკენ ტრამპლინი იქნება #1TVSPORT
„ლოკომოტივის“ 16-წლამდელთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ლოლაძემ ისაუბრა ვიტალი დარასელიას თასის 2024 წლის გათამაშებისთვის მზადებაზე, რომელიც 23-28 აგვისტოს ჩათვლით თბილისში გაიმართება.
ტრადიციულ ტურნირში 16-წლამდე ფეხბურთელთა 6 გუნდი ითამაშებს, მატჩები ბუნებრივსაფარიან მოედნებზე ჩატარდება, ერთ-ერთი მასპინძელი კი „ლოკომოტივის“ საგურამოს ბაზა იქნება.
„ორმაგად სასიხარულოა ასეთ ტურნირში მონაწილეობა – ეს ლეგენდარული ფეხბურთელის, ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირია და, მეორე მხრივ, საერთაშორისო შეჯიბრებაა. თამაში გვიწევს ისეთი გუნდების წინააღმდეგ, როგორებიც „იუვენტუსი“, „უოტფორდი“, „ვალენსია“ და „გალათასარაი“ არიან. „დინამო თბილისსაც“ ცალკე აღვნიშნავ. ეს კი როგორც გუნდურ, ისე ინდივიდუალურ მოტივაციას ზრდის.
დარასელიას თასი ბიჭებისთვის უკეთესი ცხოვრებისკენ ტრამპლინი იქნება. პლუს, იმასაც გავიგებთ, თუ რა დონეზე არიან ჩვენი და წამყვანი ევროპული კლუბების აკადემიების ფეხბურთელები. მოხდება ამის შედარება. კარგი იქნება, თუ მწვრთნელები ერთმანეთში ინფორმაციას გაცვლიან. ვიმედოვნებ, ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ დასრულდება.
ტურნირზე აქცენტი გაკეთდება არა შედეგზე, არამედ განვითარებაზე, ხარისხსა და კომბინაციურ ფეხბურთზე. თუმცა ჩვენ ყველა თამაშზე გამარჯვებისთვის გავდივართ. შევეცდებით, რაც შეიძლება კარგად წარმოვაჩინოთ თავი როგორც „ლოკომოტივის“, ასევე ქვეყნის სახელით, ვიტალი დარასელიას თასი მოვიგოთ და საქართველო ვასახელოთ“, – ამბობს გიორგი ლოლაძე.