„ლოკომოტივმა“ ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა - სპენკელინკი „ეინდჰოვენის“ დუბლებში თამაშობდა და აკადემიაში მუშაობდა #1TVSPORT
„ლოკომოტივმა“ ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა - სპენკელინკი „ეინდჰოვენის“ დუბლებში თამაშობდა და აკადემიაში მუშაობდა #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილს თბილისის „ლოკომოტივის” ნიდერლანდელი მეკარე, მარკ სპენკელინკი შეცვლის, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ეროვნული ლიგის განახლებამდე, გუნდი გიორგი მამარდაშვილმა დატოვა და „ვალენსიაში” გადავიდა. „ლოკომოტივს” მეკარე სჭირდებოდა და გია ჭიაბრიშვილმა დააანონსა კიდეც, რომ მოლაპარაკება უცხოელთან ჰქონდათ.

რაც შეეხება 24 წლის ფეხბურთელს, ის ბოლოს „პსვ ეინდჰოვენის” ახალგაზრდულ გუნდში ირიცხებოდა. სპენკელინკი „ბორნში“, „ტვენტეს” და „გოუ ეხეგ იგლზის“ აკადემიებში ვარჯიშობდა.

პროფესიული კარიერა „იგლზში” (2016/2020) დაიწყო, მაგრამ პირველ გუნდში არასდროს უთამაშია. 2019 წელს ნახევარწლიანი იჯარით შვედეთის რანგით მესამე ლიგის შვედურ „კარლსტადში“ გაუშვეს, 2020 წლის სექტემბერში კი „იუნგ პსვ ეინდჰოვენს“ შეუერთდა.

„ვიკიპედიაში“ თბილისელთა ახალწვეულზე საინტერესო რამ წერია – სპენკელინკი „ეინდჰოვენის“ აკადემიაში მწვრთნელადაც მუშაობდა. ამ როლის მიუხედავად, გუნდში სადებიუტო მატჩი კახი ჟორდანიას „დენ ბოსხის“ წინააღმდეგ ნიდერლანდების პირველ დივიზიონში 2020 წლის 6 ნოემბერს გამართა, რადგან თორმეტი მოთამაშე კორონავირუსით ინფიცირებული იყო.

ეს სეზონის განახლებამდე „ლოკომოტივის“ მეორე ტრანსფერია – მანამდე გუნდმა 29 წლის შემტევი ნახევარმცველი გეგა დიასამიძე დაიმატა.