ლოკომოტივი კალვიზანოსთან დამარცხდა | კონტინენტის ფარი [ფოტოამბავი]
ლოკომოტივი კალვიზანოსთან დამარცხდა | კონტინენტის ფარი [ფოტოამბავი]

„დიდი 10“-ის შარშანდელი სეზონის ჩემპიონი, თბილისის „ლოკომოტივი“, „კონტინენტის ფარის“ პირველ შეხვედრაში იტალიურ „კალვიზანოს“, ავჭალის სარაგბო სტადიონზე დაუპირისპირდა.

მატჩის პირველი ქულები მასპინძლებმა მოიპოვეს. საჯარიმო ზუსტად წიკლაურმა შეასრულა. 21-ე წუთისთვის უკვე იტალიელები გავიდნენ წინ. მათმა მგეზავმა, სემ ლეინმა უშეცდომოდ ორი საჯარიმო დაარტყა.

30-ე წუთზე, მსაჯმა, ბურთზე ხელის ჩარტყმისთვის იოანე ხელაია „გაასინბინა“ და „ლოკომოტივი“ მოედანზე 14 მოთამაშით დარჩა. კაცნაკლული მასპინძლები თავს ტაიმის ბოლო წუთამდე კარგად იცავდნენ, მაგრამ მე-40 წუთზე შეხვედრის პირველი ლელო მარკო სუზიომ დადო – 6:11.

მეორე ტაიმში სემ ლეინმა მონაგარს კიდევ ექვსი ქულა შემატა და სტუმრებს 11 ქულიანი უპირატესობა მოუტანა. ამის შემდეგ უკვე „რკინიგზელები“ გააქტიურდნენ და მეტოქის ნახევარზე დამკვიდრდნენ. 63-ე წუთზე განხორციელებული მრავალ ფაზიანი იერიშის შემედეგ, თბილისურმა კლუბმა ლელოს დადების კარგი შანსი ვერ გამოიყენა და ბურთი დაკარგა.

შეხვედრის დასრულებამდე ორიოდ წუთი რჩებოდა, როდესაც „ლოკომოტივი“ კიდევ ერთხელ შევიდა მეტოქის 22 მეტრიან ზონაში და შესანიშნავი მოლი ჩამოაყალიბა. გეგიამ მეტოქის ლელოშიც შეაღწია, მაგრამ მსაჯმა ბურთი დამიწებულად არ ჩათვალა და თამაში იტალიელთა გამარჯვებით – 17:6 დასრულდა.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ჩემპიონი 8 დეკემბერს გამართავს. „ლოკომოტივი“ „ფიამე ოროს“ დაუპირისპირდება.