„ლოკომოტივი“ ისევ უქულოდ დარჩა - „გაგრამ“ მოიგო, ვაწაძეს დუბლი არ ჩაუთვალეს #1TVSPORT
„ლოკომოტივი“ ისევ უქულოდ დარჩა - „გაგრამ“ მოიგო, ვაწაძეს დუბლი არ ჩაუთვალეს #1TVSPORT

თბილისის „ლოკომოტივს“ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი ქულების მოპოვების რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ „დინამო არენაზე“ გამართული მე-12 ტურის ბოლო შეხვედრაში გუნდმა „გაგრასთან“ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და დამარცხდა.

მე-15 წუთისთვის „ლოკომოტივმა“ ორი გოლი გაიტანა, მაგრამ ანგარიში საყაიმო იყო – თბილისელებმა ჯერ საკუთარი კარი აიღეს, შემდეგ – მეტოქის. მე-7 წუთზე „გაგრას“ მოთამაშის მოწოდებული კუთხურის შემდეგ დარტყმას მათე ვაწაძე შეეცადა, „ლოკომოტივის“ მცველი სანდრო ანდრონიკაშვილი მისთვის ხელის შეშლას ცდილობდა და ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

მე-15 წუთზე „ლოკომოტივმა“ წონასწორობა გიორგი იაკობიძის ეფექტური დარტყმით აღადგინა. „ლოკომოტივი“ მეორე ტაიმში დაწინაურდა. 49-ე წუთზე, „გაგრას“ კარში დანიშნული პენალტი გიორგი იაკობიძემ გოლად აქცია და დუბლი შეასრულა – 1:2.

„გაგრამ“ წონასწორობა მალე აღადგინა – 59-ე წუთზე, თბილისელთა კარისკენ დანიშნული საჯარიმო დარტყმა თემურ ჩოგაძემ უზუსტესად შეასრულა – 2:2. მათე ვაწაძეს აშკარად არ გაუმართლა – „გაგრას“ თავდამსხმელმა რეალურად ორი გოლი გაიტანა, მაგრამ ორივე მეტოქის ავტოგოლად ჩაითვალა. 64-ე წუთზე მასპინძლები ისევ გამოცდილი თავდამსხმელის დარტყმის შემდეგ დაწინაურდნენ, მაგრამ ბოლოს ბურთი „ლოკომოტივის“ მცველს, ანდრო გიორგაძეს მოხვდა და „გაგრა“ 3:2 დაწინაურდა.

73-ე წუთზე თემურ შონიამ ყოფილ კლუბს გაუტანა და „ლოკომოტივისადმი“ პატივისცემის ნიშნად გოლი არ აღნიშნა. 85-ე წუთზე გიორგი ბუხაიძემ „ლოკომოტივის“ კარი მეხუთედაც აიღო, ბექა დარცმელიამ (87-ე წუთზე) კი სხვაობა ულამაზესი გოლით შეამცირა და უხვგოლიანი მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 5:3 „გაგრას“ სასარგებლოდ.

საბოლოოდ, „გაგრამ“ 17 ქულა დააგროვა „თელავს“ (16) გადაასწრო და მე-6 ადგილზე დაბრუნდა, ხოლო „ლოკომოტივი“ ისევ უქულოდაა და აქედანვე ცხადია, რომ გუნდი ეროვნული ლიგიდან გავარდნის რეალური კანდიდატია.