ქუთაისის „რამაზ შენგელია-არენაზე“ „ტორპედომ“ თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დამარცხდა – 1:5.
მასპინძლებმა თამაში ჩინებულად დაიწყეს და პირველივე წუთზე გიორგი ფანცულაიამ ანგარიში გახსნა. მაგრამ შემდეგ „ლოკომოტივმა“ მშვენიერი ფეხბურთი აჩვენა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა. 22-ე წუთზე მამია გავაშელიშვილმა წონასწორობა აღადგინა, სტუმართა გამარჯვებაში კი განსაკუთრებული როლი მან და ირაკლი სიხარულიძემ ითამაშეს. ორივემ დუბლი შეასრულა – გავაშელიშვილმა მეორედ 69-ე წუთზე გაიტანა, ხოლო სიხარულიძემ თავი 32-ე და 49-ე წუთებზე გამოიჩინა, ერთი გოლიც ულად-ომარ იმრანის (71) ანგარიშზეა. აღსანიშნავია თბილისელთა ფლანგის შემტევის, თორნიკე კირკიტაძის თამაში, რომელმაც სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.
„ლოკომოტივმა“ 17 ტურის შემდეგ 29 ქულა დააგროვა და მესამე ადგილი შეინარჩუნა, ხოლო „ტორპედო“ 16 ქულის ამარა დარჩა და ჯერ კიდევ მოუწევს ბრძოლა, ლიგაში დასარჩენ პლეი აუტს თავი რომ აარიდოს.