„ლოკომოტივი“ ევროპალიგისთვის მზადებას ასრულებს
„ლოკომოტივი“ ევროპალიგისთვის მზადებას ასრულებს

ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსკოვის „დინამოსთან“ მატჩამდე, თბილისის „ლოკომოტივმა“ საგურამოში ბოლოჯერ ივარჯიშა.

მატჩისწინა ოფიციალურ ვარჯიშს თბილისური და მოსკოვური გუნდები 16 სექტემბერს მიხეილ მესხის სტადიონზე გამართავენ, ხოლო მთავარი მწვრთნელები, გიორგი ჭიაბრიშვილი და კირილ ნოვიკოვი მედიას შეხვდებიან. ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი თბილისის „ლოკომოტივსა“ და მოსკოვის „დინამოს“ შორის 17 სექტემბერს 21 საათზე დაიწყება.

მოსკოვის „დინამომ“ რუსეთის პრემიერლიგის ბოლო ტურის შეხვედრა წააგო, რაშიც მთავარი როლი ხვიჩა კვარაცხელიამ ითამაშა – ყაზანის „რუბინის“ ქართველმა თავდამსხმელმა მოსკოველებთან გასვლით მატჩში პენალტი მოიპოვა, რომლითაც ყაზანელთა ლეგიონერმა ჯორკ დესპოტოვიჩმა ისარგებლა, სტუმრებმა 1:0 მოიგეს და „დინამო“ მეოთხედან მეექვსე ადგილზე დააქვეითეს.